ბიძინა ივანიშვილი: არანაირი ბერკეტი არ გამაჩნია, რომ მმართველ გუნდზე გავლენა მოვახდინო

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მას მმართველ გუნდზე გავლენის მოხდენის არანაირი ბერკეტი არ გააჩნია. როგორც ყოფილმა პრემიერმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „ინტერვიუში“ აღნიშნა, ის არც ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებებში ერეოდა და არც კვირიკაშვილს აძლევს მითითებებს.
„არანაირი ბერკეტი მე არ გამაჩნია, რომ მმართველ გუნდზე გავლენა მოვახდინო, მე არ მყავს ჩემი პოლიცია, ჩემი ჯარი, არაფერი გამაჩნია პიროვნების და ხალხის ნდობის მეტი. ეს სახიფათოა?
ყოფილი პრემიერ-მინისტრი  ჩემს რჩევებს ძალიან ბევრჯერ არ ისმენდა. დღევანდელი პრემიერ-მინისტრი კიდევ უფრო პრინციპულია და უფრო მეტი გამოცდილება აქვს საკუთარი მოღვაწეობით, მენეჯმენტის და სხვადასხვა დარგის განათლება გააჩნია. აბსოლუტურად პრინციპულია და ნურავის ნუ აქვს იმის ეჭვი, რომ მე ვურეკავ ყოველდღე კვირიკაშვილს და მითითებებს ვაძლევ. ღმერთმა დამიფაროს, ამას არ ვაკეთებდი არც ღარიბაშვილის დროს, მასაც ჰქონდა კოპეტენცია და მშვენივრად მართავდა ქვეყანას, ასევე მაღალი კომპეტენცია გააჩნია კვირიკაშვილს. არ ხდება ის, რასაც ხატავენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და რასაც ხატავს „რუსთავი 2“.
ის, რომ მე შეიძლება დამირეკოს და შემეკითხოს, ამაში დანაშაული არ არის. გარწმუნებთ, გადაწყვეტილებას ღებულობს მხოლოდ კვირიკაშვილი. უფრო ხშირად მიწევს ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრა ერთი მიზეზით მხოლოდ – მე ვცდილობ ეკონომიკას დავეხმარო და ყველაზე კარგად ეს მიმართულება ვიცი. სხვა მინისტრებთან არავითარი შეხება არ მაქვს“, – განაცხადა ივანიშვილმა.
რაც შეეხება პრემიერ-მინისტრების დანიშვნის საკითხს, როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, მან შეიძლება მხოლოდ რჩევა მისცა.
„მე ვმონაწილეობდი ამაში, მაგრამ არა ისე, რომ მე ვაწვებოდი ვიღაცას პოლიციით და ჯარით. მე ვაძლევდი რჩევას, რომელიც შეიძლება გაითვალისწინეს, თუმცა შეეძლოთ არ გაეთვალისწინებინათ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები