მიხეილ ჯანელიძე ეუთოს საბჭოს სხდომაზე: ხურჩაში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთს

ვენაში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ სიტყვით მიმართა ეუთოს მუდმივ საბჭოს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, თავის გამოსვლაში საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა ეუთოსთან და მის ავტონომიურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესში, მონაწილე ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილ დემოკრატიულ რეფორმებზე და აღნიშნა, რომ საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს დემოკრატიის კონსოლიდაციის თვალაზრისით.
საგარეო საქმეთა მინისტრმა მონაწილე ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესზე, ხაზი გაუსვა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულებაზე ევროკავშირის და მისი წევრი ქვეყნების მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების მნიშვნელობას. მინისტრის მიერ აღინიშნა, რომ საქართველო ივლისში დაგეგმილ ნატოს ვარშავის სამიტზე ელოდება პრაქტიკულ და პოლიტიკურ შედეგებს.
ეუთოს მუდმივ საბჭოზე საგარეო საქმეთა მინისტრმა სხდომის მონაწილეებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებული უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მძიმე მდგომარეობის შესახებ, მათ შორის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების მოწყობის პროცესზე.
თავის გამოსვლაში, მინისტრმა დაგმო რუსეთის მიერ სოხუმისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმებთან გაფორმებული ე.წ. ხელშეკრულებები და აღნიშნული ქმედებები საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და ანექსიისაკენ გადადგმულ მორიგ ნაბიჯებად შეაფასა. მუდმივი საბჭოს სხდომაზე მინისტრმა ისაუბრა ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებზე ცხინვალის რეგიონის რუსეთის ფედერაციასთან მიერთების საკითხზე შესაძლო რეფერენდუმის ჩატარების შესახებ და აღნიშნული პროცესი უკანონოდ და საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშ დარღვევად შეაფასა. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა მიმდინარე წლის 19 მაისს, აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლის მიერ ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, გალის მკვიდრის გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტზე და აღნიშნა, რომ სრული პასუხისმგებლობა მომხდარზე ეკისრება რუსეთს, როგორც ოკუპანტ ძალას.
აქვე, საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის აუცილებლობას. თავის გამოსვლაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ეუთოს ჩართულობის გაზრდის მნიშვნელობას საქართველო-რუსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესში, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში. ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე საპასუხო განცხადებები გააკეთეს ეუთო-ში ევროკავშირის (28 ქვეყნის სახელით, რომელსაც მიუერთდა ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, სან მარინო, ისლანდია, მოლდოვა, მონტენეგრო და უკრაინა), აშშ-ს, თურქეთის, შვეიცარიის, აზერბაიჯანის, ნორვეგიის, კანადის, მოლდოვის, უკრაინის, სომხეთის, ავღანეთის, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებმა.
გამომსვლელებმა თავის საპასუხო განცხადებებში დააფიქსირეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ცალსახა მხარდაჭერა, მათ მიერ ერთმნიშვნელოვნად უარყოფითად შეფასდა რუსეთის ქმედებები საქართველოსთან მიმართებაში. ეუთოს მონაწილე ქვეყნების მუდმივმა წარმომადგენლებმა დაგმეს რუსეთის ფედერაციის საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან ე.წ. „ხელშეკრულებების” ხელმოწერის ფაქტი, უკანონოდ შეაფასეს ცხინვალის რეგიონში დაგეგმილი ე.წ. რეფერენდუმი რუსეთთან მიერთების საკითხზე და მოუწოდეს რუსულ მხარეს, დაიცვას საერთაშორისო სამართლის პრინციპები და შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები. დელეგაციები გამოეხმაურნენ 19 მაისს გალში მომხდარ მკვლელობის ფაქტს და სამძიმარი გამოუცხადეს გარდაცვლილის ოჯახს. ეუთოს მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს საერთაშორისო მონიტორინგის აუცილებლობას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და გამოხატეს სრული მხარდაჭერა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების, ასევე ინციდენტებისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების მიმართ. “სხდომაზე სიტყვით გამოვიდა ეუთოში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი, რომლის გამოსვლაც რუსეთის ფედერაციისთვის დამახასიათებელ ტრადიციულ რიტორიკას ეფუძნებოდა. ეუთო-ს მუდმივი საბჭოს ზემოხსენებულმა სხდომამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის ფაქტი, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ერთმნიშვნელოვნად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში და აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში რუსეთის ფედერაცია სრულ საერთაშორისო იზოლაციაში იმყოფება“,- აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები