კვაჭანტირაძე ეუთოს ანგარიშზე: დოკუმენტი მხოლოდ იმ შეხვედრებს ასახავს, რომელიც თბილისში მიმდინარე წლის აპრილში გაიმართა

ქაღალდზე გადმოვიდა ის არაობიექტური კრიტიკა, რომელიც ოპოზიციის მხრიდან ეუთოს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ისმოდა – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძემ ეუთოს მიერ საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გამოქვეყნებული ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, დოკუმენტი შუალედურია და მხოლოდ იმ შეხვედრებს ასახავს, რომელიც თბილისში მიმდინარე წლის აპრილში გაიმართა.
”გამომდინარე იქედან, რომ მისიის წევრები შეხვდნენ ოპოზიციის ფართო სპექტრის წარმომადგენლებს, ამ შეხვედრების დროს კი, ძირითადად, ისმოდა ხელისუფლების აბსოლუტურად არაობიექტური კრიტიკა, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გადმოვიდა ქაღალდზე. ეს არის მხოლოდ ამ შეხვედრების ამსახველი დოკუმენტი. თქვენ იქ ვერ ნახავთ ვერცერთ რეკომენდაციას ხელისუფლების მისამართით”, – განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.
მისივე თქმით, რეკომენდაციები მოცემული იქნება ეუთოს საბოლოო დასკვნაში.
ცნობისთვის, ეუთო საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნების საკითხზე ანგარიშს აქვეყნებს. ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლების მოწვევით, აპრილის ბოლოს ქვეყანაში იმყოფებოდნენ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის საჭიროების შემფასებელი მისიის წარმომადგენლები, რომლებმაც წინასაარჩევნო მდგომარეობა შეისწავლეს, გამართეს შეხვედრა და მოამზადეს დასკვნა საპარლამენტო არჩევნებში ეუთოს მხრიდან მონიტორინგის საკითხზე.
“საჭიროების შემფასებელი მისიის წარმომადგენელთა საქართველოში ვიზიტის დროს, შეხვედრებზე გამოითქვა განსაკუთრებული შეშფოთება წინასაარჩენო კამპანიის ჩატარების გამო, განსაკუთრებით კი იმის გამო, რომ კონკურენტ ძალებსა და ამომრჩეველზე შესაძლოა, განხორციელდეს ზეწოლა, ასევე ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების პოტენციური რისკის გამო“,-აღნიშნულია ანგარიშში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები