სამუშაო ჯგუფის მიერ წამების შესახებ მომზადებული ანგარიში პროკურატურას გადაეგზავნება

პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან არსებული სამუშაო ჯგუფის მიერ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის წარსულის პრაქტიკის ანალიზი შემდგომი რეაგირებისთვის საქართველოს მთავარ პროკურატურას გადაეგზავნება.
როგორც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განაცხადა, ანგარიში 2 წლის განმავლობაში მზადდებოდა.
„გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა 2014 წელს საქართველოს მისცა რეკომენდაცია, რომ მძიმე დანაშაულები, როგორიც არის წამება და არაადამიანური მოპყრობა, ყოფილიყო გამოძიებული და მომხდარიყო მათზე რეაგირება. ჩვენ დავიწყეთ შესწავლა, დავეყრდენით სხვადასხვა კვლევას, ასევე სახალხო დამცველის ანგარიშებს და გაირკვა, რომ წამებას და არაადამიანურ მოპყრობას სისტემური ხასიათი ჰქონდა და ამ პროცესში ჩართული იყო ყველა უწყება, რომელსაც უშუალოდ ევალებოდა ადამიანის უფლებების დაცვა“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
მისივე თქმით, დასკვნა საკმაოდ მძიმეა, თუმცა ის ეხება არა მხოლოდ წარსულს, არამედ მასში მოცემულია რეკომენდაციები, როგორი უნდა იყოს მომდევნო ნაბიჯები.
ბესელიას თქმით, ანგარიშის შედგენისას შეისწავლეს 6000-ზე მეტი განცხადება, ასევე 1 200 ყოფილი და ამჟამინდელი პატიმრის საქმე.
მისივე განმარტებით, წამებას ადგილი ჰქონდა ყველგან და არცერთი ინსტიტუცია საკუთარ მოვალეობას არ ასრულებდა.
„ამან ძალიან მძიმე შედეგები მოიტანა. გარდაცვლილია ძალიან ბევრი ადამიანი, გვყავს ასევე ძალიან ბევრი ხეიბარი და დასნეულებული ადამიანი“, – განაცხადა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები