გიორგი კვირიკაშვილი: თავი უნდა დავაღწიოთ უმძიმეს წარსულს, რომ არ გავხდეთ სისასტიკის მძევალი

დასკვნაში თავმოყრილი და დასაბუთებული ფაქტები კიდევ უფრო შემზარავია და უფრო ნათელ წარმოდგენას იძლევა, თუ რა ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან არსებული სამუშაო ჯგუფის შემაჯამებელი ანგარიშისა და რეკომენდაციების პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც საქართველოს მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დასკვნა, რომლის პრეზენტაციაც გაიმართა, არა მხოლოდ ქართული საზოგადოების მოთხოვნა იყო, არამედ ეს დოკუმენტი მომზადდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის დასკვნისა და რეკომენდაციების საფუძველზე.
„დღეს დაიდო დასკვნა, რომლის ერთი გადახედვითაც კი საკმარისია, რომ მთელი სურათი თვალწინ დაგვიდგეს და კიდევ ერთხელ შეგვძრას. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ეს ყველაფერი უკვე ვიცოდით, ყველა ჩვენგანისთვის მაინც ძნელი წარმოსადგენია, რომ ეს საშინელება ჩვენს სამშობლოში ხდებოდა. სასტიკი და არაადამიანური მოპყრობა, შანტაჟი და შეურაცხყოფა, ღირსების შელახვა, ქონების წართმევა და მკვლელობები – ამის მომსწრენი გავხდით ქვეყანაში, რომლის ხელისუფლებაც ოფიციალურად დეკლარირებდა ევროპულ კურსს. დასკვნაში თავმოყრილი და დასაბუთებული ფაქტები კიდევ უფრო შემზარავია და უფრო ნათელ წარმოდგენას იძლევა, თუ რა ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში. მასშტაბები რომ შემაშფოთებელი იყო და, მართლაც, სისტემურ ხასიათს ატარებდა, ეს საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების ანგარიშებითაც დასტურდება. ეს არის ათასობით საქმე, რომლის გამო მრავალი პირი უკვე მიცემულია პასუხისგებაში და მრავალი საქმე სასამართლოშია გადაცემული. არის საქმეები, რომელთა გამოძიებაც ჯერ არ დასრულებულა და ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ის პირები პასუხს აგებენ კანონის სრული სიმკაცრით. რა თქმა უნდა, გამოძიება და სამართალწარმოება თავისი გზით წავა, ჩვენ კი უნდა ვიყუროთ და ვიაროთ წინ, თავი უნდა დავაღწიოთ უმძიმეს წარსულს იმისთვის, რომ არ გავხდეთ ამ სისასტიკის მძევალი”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები