ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სამუშაო ჯგუფმა წამებისა და სისტემური დანაშაულის შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფი იმის გამო, რომ ზოგიერთი საქმე ჯერ კიდევ მიმდინარეა, შეშფოთებას გამოთქვამს.
როგორც კომიტეტის დასკვნაში – ”წარსულში ( 2004-12 წლებში) ჩადენილი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სისტემური დანაშაულის შესახებ” არის ნათქვამი, ასევე, შემაშფოთებელია პრობლემა, რომ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გამოძიება ხდება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით (უფლებამოსილების გადაჭარბება) და არა სისხლის სამართლის კოდქსის 1441-ე (წამება) და 1443-ე (არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა) მუხლებით.
”კომიტეტი შეშფოთებულია იმის გამო, რომ ზოგიერთი საქმე ჯერ კიდევ მიმდინარეა, მათ შორის: ა) 2006 წელს სამართალდამცავების/ციხის თანამშრომლების მიერ ძალის გადამეტება თბილისის მე-5 დაწესებულებაში მომხდარი წესრიგის დარღვევისას; ბ)არაადამიანური მოპყრობა თბილისის გლდანის დაწესებულებაში, ქსანის მე-15 დაწესებულებაში, ქუთაისის მე-2 დაწესებულებაში, რუსთავის მე-6 დაწესებულებასა და ზუგდიდის მე-4 დაწესებულებაში; გ) 2007 წლის 7 ნოემბრის, 2009 წლის 15 ივნისისისა და 2011 წლის 3 იანვრის მშვიდობიანი შეკრების დაშლა ძალის გამოყენებით და მერეთისა (2012 წლის 26 ივნისი) და კარალეთის (2012 წლის 12 ივლისი) ინციდენტები, რომლის დროსაც ჟურნალისტებს მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. ასევე, შემაშფოთებელია პრობლემა, რომ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გამოძიება ხდება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით (უფლებამოსილების გადაჭარბება) და არა სისხლის სამართლის კოდქსის 1441-ე (წამება) და 1443-ე (არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა) მუხლებით”, – ნათქვამია დასკვნაში.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ უნდა დაასრულოს ასეთი საქმეების გამოძიება გაუმართლებელი გაჭიანურების გარეშე, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა დამნაშავეების მიმართ, მსჯავრდებულ პირებს უნდა განესაზღვროთ მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის თანაზომიერი სასჯელი და მსხვერპლები უნდა იქნან უზრუნველყოფილი ეფექტური დაცვის საშუალებებით.
დასკვნაში ნათქვამია, რომ ასევე უზრუნველყოფილ უნდა იქნას წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საქმეების გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით და ამ საქმეეებისთვის კვალიფიკაციის მინიჭება არ უნდა მოხდეს იმ დებულებების საფუძველზე, რომლებიც უფრო მსუბუქ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.
კომიტეტი ასევე განმარტავს, რომ 2012 წლის 18 სექტემბერს, მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებულმა ე.წ. ,,ციხის კადრებ’’-მა, რომლებიც ასახავდა სასჯელაღსრულების #8 დაწესებულებაში პატიმრების მიმართ განხორციელებული წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს, დიდი საზოგადოებრივი რეზონანსი და მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია, რამაც განაპირობა სამუშაო ჯგუფის შექმნა.
ანგარიშში გამოთქმული მოსაზრებები და შეფასებები ეკუთვნის სამუშაო ჯგუფს, რომელიც ეყრდნობა კომიტეტის აპარატისა და მოწვეული სპეციალისტების მიერ კომიტეტში შემოსული განცხადებების შესწავლასა და ანალიზს; ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ოფიციალურ შეფასებებს, სტატისტიკას და სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენებს.
სამუშაო ჯგუფი წინამდებარე ანგარიშს გადასცემს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და წევრებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას, საქართველოს სახალხო დამცველს, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობებს საქართველოში; დოკუმენტი საჯაროა და ხელმისაწვდომია დაინტერესებული საზოგადოებისათვის.
კომიტეტის 2015 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებით, სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა განისაზღვრა შემდეგი სახით: კომიტეტის წევრები, საქართველოს მთავარი პროკურატურის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები.
სამუშაო ჯგუფის მუშაობის საერთო ზედამხედველობას ახორციელებდა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები