ირაკლი კობახიძე: „ქართულ ოცნებაში“ არ არსებობს არანაირი „ძველბიჭური დაჯგუფება“

გიორგი მარგველაშვილმა ზუსტად იცის, თუ რა გუნდია წარმოდგენილი „ქართულ ოცნებაში“ და რა გუნდი ხელმძღავნელობს მას, ამ გუნდის დახმარებით გახდა ის საქართველოს პრეზიდენტი, -ასე უპასუხა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ კორცხელის ინციდნტზე გაკეთებულ შეფასებას.
ირაკლი კობახიძე ფიქრობს, რომ პრეზიდენტის აღნიშნული განცხადება სამართლიანი არ არის.
„პრეზიდენტის ეს განცხადება არ არის სამართლიანი და არ არის ობიექტური. პრეზიდენტმა კარგად იცის, თუ ვის აერთიანებს ჩვენი გუნდი. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს განცხადება არის არასამართლიანი და არ არის კორექტული“,-განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა.
კობახიძის თქმით, „ქართულ ოცნებაში“ არ არსებობს არანაირი „ძველბიჭური დაჯგუფება“.
პარტიის აღმასრულებელი მდივანის თქმით, ხელისუფლებისთვის მიუღებელია ის რაც მოხდა კორცხელში და ყველაფერი კეთდება, რომ მსგავსი ინციდენტები აღარ განმეორდეს.
„ჩვენთვის მიუღებელია ის, რაც მოხდა კორცხელში და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ასეთი რამ თავიდან ავირიდოთ ოქტომბრის არჩევნებში. აქედან გამომდინარე, ზედმეტია საუბარი იმაზე, რომ საქმე გვქონდა დაგეგმილ აქტთან“, – განმარტა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა.
ირაკლი კობახიძე პარტიის გენერალურ მდივან, კახა კალაძესთან, დაკავშირებით “ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამოთქმულ ბრალდებებსაც გამოეხმაურა.
„კახა კალაძეზე “ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან საუბარი, რბილად რომ ვთქვათ, არაკორექტულია იმ ყველაფრის შემდეგ, რაც მათ გააკეთეს უშუალოდ კახა კალაძესთან მიმართებით. გახსოვთ თქვენ, რა ხდებოდა 2012 წელს. ეს არის, რბილად რომ ვთქვათ, თავხედობა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან“, – დასძინა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები