მოსამართლე ნათია გუჯაბიძესთან დაკავშირებით იუსტიციის უმაღლესი საბჭო განცხადებას ავრცელებს

ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ მოსამართლე ნათია გუჯაბიძის მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო სპეციალური განცხადებით ეხმაურება.
იუსტიციის უმაღლესი საბჭო განმარტავს, რომ ბრალდება მოსამართლე ნათია გუჯაბიძის მიერ სახელმწიფო თანხების გაფლანგვის შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება.
საბჭო განმარტავს, რომ მთელი სამოსამართლო კარიერის მანძილზე ნათია გუჯაბიძის მიმართ არასდროს გამოყენებულა დისციპლინური სახდელი, ან ზემოქმედების ღონისძიება (სარეკომენდაციო ბარათის ჩათვლით) რაიმე დისციპლინური გადაცდომისათვის. ასევე, საბჭოს არასდროს მიუმართავს პროკურატურის ორგანოებისათვის მის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი გამოძიების დაწყების წინადადებით.
“იუსტიციის უმაღლესი საბჭო განმარტავს, რომ ბრალდება მოსამართლე ნათია გუჯაბიძის მიერ სახელმწიფო თანხების გაფლანგვის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. იუსტიციის უმაღლესი საბჭო აღნიშნავს, რომ სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტი უზრუნველყოფს მოსამართლეების საცხოვრებელი ფართის ქირავნობის ხარჯებს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად.
მოსამართლეს, რომელსაც სამოსამართლო უფლებამოსილების განსახორციელებლად თვითმმართველ ქალაქში პირად საკუთრებაში არ აქვს საცხოვრებელი ბინა, სახელმწიფო უზრუნველყოფს აუცილებელი საცხოვრებელი ფართობით ან უნაზღაურებს საამისოდ საჭირო ხარჯებს.
საბჭო განმარტავს, რომ მთელი სამოსამართლო კარიერის მანძილზე ნათია გუჯაბიძის მიმართ არასდროს გამოყენებულა დისციპლინური სახდელი ან ზემოქმედების ღონისძიება (სარეკომენდაციო ბარათის ჩათვლით) რაიმე დისციპლინური გადაცდომისათვის. ასევე, საბჭოს არასდროს მიუმართავს პროკურატურის ორგანოებისათვის მის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი გამოძიების დაწყების წინადადებით.
ზემოაღნიშნულ განცხადებებს საბჭო აფასებს, როგორც მოსამართლის მიმართ უსაფუძვლო ბრალდების წაყენებას, რაც მოსამართლის დემორალიზაციას, და ამ გზით, სასამართლოზე ზეწოლის მოხდენის მიზანს ემსახურება. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უკიდურესად შეშფოთებულია და დაუშვებლად მიიჩნევს სასამართლო კორპუსის და მოსამართლის მიმართ ნებისმიერ ისეთ საჯარო განცხადებას, რომელიც აშკარად შეურაცხყოფს სასამართლოს პრესტიჟსა და ავტორიტეტს. საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, მოსამართლე დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციასა და კანონს.
ამასთან ერთად, აკრძალულია ნებისმიერი ფორმით, პირდაპირი ან არაპირდაპირი ზეწოლა მოსამართლეზე, ან ჩარევა მის საქმიანობაში, გადაწყვეტილების მიღებაზე ზეგავლენის მიზნით. იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოუწოდებს ყველას, პატივი სცენ სასამართლოსა და ინიდივიდუალური მოსამართლეების დამოუკიდებლობას, შეწყვიტონ სასამართლოს დისკრედიტაციის მცდელობა და არ გაავრცელონ ისეთი განცხადებები, რომლებიც მიმართული იქნება საზოგადოების შეცდომაში შეყვანის ან სასამართლოსა და მოსამართლის ავტორიტეტის ხელყოფისაკენ.
იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოითხოვს, რომ სასამართლოს მიეცეს ნორმალურ და მშვიდ გარემოში მართლმსაჯულების განხორციელების შესაძლებლობა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო ყველა დაინტერესებულ პირს მოუწოდებს, თავი შეიკავოს სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე შეფასებებისა და უსაფუძვლო კრიტიკისგან. აუცილებელია მოსამართლეებს მიეცეს პროცესის მშვიდ გარემოში წარმართვის საშუალება, რათა უზრუნველყოფილ იქნას საქმის სრულყოფილი და ყოველმხრივი გამოკვლევა, რაც აუცილებელია ობიექტური და კანონიერი გადაწყვეტილების მისაღებად“, – აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ,რომ „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, მოსამართლე ნათია გუჯაბიძე საქართველოს პროკურატურის მიერ იდევნება. როგორც ნიკა გვარამიამ გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მოსამართლე, რომელიც „რუსთავი 2“-ის საქმეს განიხილავს, სახელმწიფო ქონების გაფლანგვაშია შემჩნეული.
გვარამიას განცხადებას მალევე უპასუხა, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ. უწყებაში აცხადებენ, რომ გვარამიას მიერ საქართველოს პროკურატურის მისამართით გაკეთებული განცხადება და მასში მოყვანილი ფაქტები არის სრული სიცრუე და არ შეესაბამება რეალობას. მათივე განცხადებით, საქართველოს პროკურატურაში მოსამართლე ნათია გუჯაბიძის წინააღმდეგ არასდროს შემოსულა საჩივარ/განცხადება და მის მიმართ არ მიმდინარეობს გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები