იან კელი კორცხელის დაპირისპირებაზე: მოხარული ვარ, რომ გამოძიება დასრულდა

საქართველოში აშშ-ის ელჩი, იან კელი კორცხელის მოვლენებში მონაწილე პირების მიმართ ბრალის წარდგენას ეხმაურება და აცხადებს, რომ მოხარულია გამოძიების დასრულებით.
მისი თქმით, საქარველოს მთავრობას და შესაბამის სტრუქტურებს თავიდანვე მოუწოდებდა, რომ გამოძიება ბოლომდე ყოფილიყო მიყვანილი, ხოლო ინციდენტში მონაწილე პირები დასჯილი.
“მთავარია, რომ ბრალი იქნა წარდგენილი. ეს არის მოვლენათა მნიშვნელოვანი განვითარება. ჩვენ თავიდანვე მოვუწოდებდით შესაბამის სტრუქტურებს და მთავრობას, რომ გამოძიება ბოლომდე ყოფილიყო მიყვანილი და დასჯილიყვნენ ის პირები, რომლებიც მონაწილეობდნენ პოლიტიკის სახელით ჩადენილ ძალადობვაში. მოხარული ვარ, რომ გარკვეული პერიოდის შემდგე გამოძიება დასრულდა და ბრალიც იქნა წარდგენილი”,- განაცხადა იან კელიმ.
შეგახსენებთ, რომ შსს-მ კორცხელის ინციდენტში მონაწილე 6 პირს ბრალი წაუყენა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, 2016 წლის 24 მაისს, შინაგან საქმეთა სამინისტროში ნებაყოფლობით გამოცხადდა ინცინდენტში მონაწილე 6 პირი, რომლებიც მოწმის სახით გამოიკითხნენ. გამოძიების მსვლელობისას, ასევე გამოიკითხა ინციდენტის მონაწილე მეორე მხარეც. დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო და ფიზიო-ტექნიკური ექსპერტიზები.
ფაქტთან დაკავშირებით, 2016 წლის პირველ ივნისს, ინციდენტში მონაწილე 5 პირს: გიორგი გ.-ს, კობა ტ.-ს, გიორგი გ.-ს, ნოშრევან წ.-ს და გრიგოლ ტ.-ს ბრალი წარედგინათ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ხოლო ვლადიმერ გ.-ს ბრალი წარედგინა საქართველოს სსკ-ს 239-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით.
ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში, შუალედური არჩევნების დროს მომხდარი ინციდენტის ფაქტზე შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება 22 მაისს დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები