ბიძინა ივანიშვილი: ვცდილობთ, დავიბრუნოთ ტრადიციები და მეცნიერება ავაღორძინოთ

დიღომში, საქართველოს ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროექტის პრეზენტაცია იმართება, რომელსაც ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან და მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად ესწრება. ყოფილმა პრემიერმა ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პრეზიენტაციაზე მისვლისას განაცხადა, რომ ხელისუფლება ცდილობს, დაიბრუნოს ტრადიციები და მეცნიერებამ, რომელიც დამოუკიდებლობის აღდგენის დროს ყველაზე დიდი დარტყმა განიცადა, ააღორძინოს. მისივე თქმით, ტექნოლოგიური უნივერსიტეტი საქართველოში მეცნიერებს, საექსპერტო ბაზით უზრუნველყოფს.
“ეს არის მეგა პროექტი, მით უმეტეს, რომ რამდენიმე მეცნიერებას შეუძლია, გამოიყენოს, როგორც საექსპერტო ბაზა. ეს იქნება ძალიან დიდი საფუძველი იმისთვის, რომ განვითარდეს და აღორძინდეს მეცნიერება. ჩვენი მეცნიერება ძალიან მაღალ დონეზეა და გვაქვს ძალიან კარგი ისტორია, თუმცა დამოუკიდებლობის აღდგენის დროს, მან ყველაზე დიდი დარტყმა განიცადა, დაინგრა რაღაც დონეზე. ახლა ვცდილობთ, რომ დავიბრუნოთ ტრადიციები და ავაღორძინოთ”, – განაცხადა ივანიშვილმა.
მისი თქმით, ცენტრს ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება, რადგან აქ როგორც მათემატიკოსებს, ფიზიკოსებს, ჯანდაცვის სპეციალისტებს, ისე სხვა მეცნიერებებს ექნებათ საშუალება, მიიღონ უნიკალური საექსპერტო ბაზა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტექნოლოგიური ინსტიტუტის დამფუძნებელი საქართველოს მთავრობაა. პროექტის ღირებულება რამდენიმე ასეულ მილიონ ევროს შეადგენს და მას მთლიანად საერთაშორისო-საქველმოქმედო ფონდი “ქართუ” აფინანსებს. პროექტის მიზანია, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების, აგრეთვე სამეცნიერო კვლევების განხორციელება ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, მათემატიკის, კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და ინჟინერიის მიმართულებით. შეიქმნება ბაზა თანამედროვე სამეცნიერო- ექსპერიმენტული კვლევებისთვის, რომელიც აუცილებელია ქვეყნის კვლევითი პოტენციალის განვითარებისა და ინტელექტუალურ-საგანმანათლებლო დონის ასამაღლებლად. ინსტიტუტს გამოყენებითი მნიშვნელობაც ექნება, ერთ-ერთია მეცნიერული კვლევის უახლესი მეთოდი – სიმსივნის ადრონული თერაპია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები