კახა კალაძე: სამწუხაროა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ცდილობენ ხელოვნურად დაძაბონ სიტუაცია
ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე პრემიერი კახა კალაძე ზუგდიდში, კორცხელის საარჩევნო უბანზე მომხდართან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს სიტუაციის ხელოვნურად დაძაბვაში ადანაშაულებს.
მისი შეფასებით, ისინი გარკვეულ უბნებზე პროვოკაციებს აწყობენ და ხალხის გაღიზიანებას ცდილობენ.
„სამწუხაროა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ცდილობენ ხელოვნურად დაძაბონ სიტუაცია გარკვეულ უბნებზე, აწყობენ პროვოკაციებს და ცდილობენ ხალხის გაღიზიანებას.
ვერანაირი მათი პროვოკაცია, რა თქმა უნდა საერთო ფონს ვერ შეცვლის და ისინი ვერ შეძლებენ სიტუაციის არევას“, – განაცხადა კალაძემ.
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ მოუწოდებს ოპონენტებს, თავი შეიკაონ პროვოკაციული ქმედებებისგან, რადგან ასეთი ფაქტები ძაბავს საარჩევნო გარემოს.
„ჩვენ, „ქართული ოცნება“ ვგმობთ ყველანაირ ძალადობას და მივმართავთ ჩვენს მხარდამჭერებს, არ აყვნენ ოპონენტების პროვოკაციებს, ვინაიდან “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ინტერესებშია არჩევნები ჩატარდეს აბსოლუტურად დემოკრატიულ, თავისუფალ, მშვიდ გარემოში.
საქართველომ და ჩვენმა ხელისუფლებამ მრავალი გამოცდა ჩააბარა დემოკრატიული და გამჭირვალე არჩევნების ჩატარებაში. დარწმუნებული ვარ, ეს არჩევნები ისეთივე მაღალ შეფასებას დაიმსახურებს საერთაშორისო საზოგადოებაში, როგორც ჩვენი ხელისუფლების დროს ჩატარებული სხვა არჩევნები“, – განაცხადა კალაძემ.
ამასთან, კახა კალაძის ინფორმაციით, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და „ქართული ოცნების“ კანდიდატები დამაჯერებლად ლიდერობენ.
„პირველადი მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა საკმაოდ მაღალია. ჩვენი ინფორმაციით ამ ეტაპისთვის არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, „ქართული ოცნების“ კანდიდატები დამაჯერებლად ლიდერობენ ყველა უბანზე“,-დასძინა კალაძემ.