ხვალ საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება

საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე, ხვალ, ამომრჩეველი მაჟორიტარ დეპუტატებს აირჩევს. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, რომ არჩევნები გლდანის, გარდაბნის, კასპის, წყალტუბოს, ოზურგეთის, ხობის და ზუგდიდის ადგილობრივი მაჟორიტარული ოლქების 45 საარჩევნო უბანზე გაიმართება.
მისივე ინფორმაციით, არჩევნებში მონაწილეობისთვის 23 კანდიდატი დარეგისტრირდა, რომელთაგანაც ამომრჩეველმა 9 მაჟორიტარი დეპუტატი უნდა აირჩიოს. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 54, 314-ს შეადგენს. მიქელაძის თქმით, არჩევნებზე ”ქართულ ოცნებას” 9 კანდიდატი ჰყავს წარდგენილი, ”ნაციონალურ მოძრაობას” – 3, ხოლო ”თავისუფალ დემოკრატებს” – 1.
მიქელაძის განმარტებით, საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის არჩევნების პროფესიულ და ყველასთვის ხელმისაწვდომ გარემოში ჩასატარებლად.
“თითოეულ უბანს უკვე გადაეცა ყველა საჭირო ინვენტარი და დოკუმენტაცია: საარჩევნო ბიულეტენები, მათ შორის, ორენოვანი ბიულეტენები (5 750) აზერბაიჯანული თემისთვის, შემაჯამებელი ოქმები, ასევე გამადიდებელი ლინზები მცირემხედველი ამომრჩევლებისთვის. საკრებულოს შუალედური არჩევნების დანიშვნა ყველა ადგილობრივ საარჩევნო ოლქში მოხდა საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.
მისივე თქმით, ყველა საარჩევნო უბანი ამომრჩევლისთვის ხვალ, დილის 08:00 სთ-დან გაიხსნება, ხმის მიცემის პროცესი საღამოს 20:00 საათზე დასრულდება, რის შემდეგაც, საარჩევნო ადმინისტრაცია ხმის დათვლის პროცედურებს დაიწყებს. ცესკო საუბნო შემაჯამებელ ოქმებს მიღებისთანავე გამოაქვეყნებს კომისიის სპეციალურ ვებგვერდზე: results.cec.gov.ge.
როგორც მიქელაძემ აღნიშნა, 22 მაისის საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის 5 საარჩევნო სუბიექტია რეგისტრირებული. ესენია: №1 – ”თავისუფალი საქართველო”; №5 – ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”; №33 – ”ირაკლი ალასანია-თავისუფალი დემოკრატები”; №24 – ”სახალხო ხელისუფლება”; №41 – ”ქართული ოცნება”; არჩევნებში ასევე მონაწილეობენ ორი საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატები გარდაბანსა და ოზურგეთში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები