გია ვოლსკი ხურჩის ტრაგედიაზე – ეს საკითხი დღის წესრიგიდან არ მოიხსნება

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ უსაფრთხოების ზომები გასამკაცრებელია. როგორც ვოლსკიმ ხურჩაში მომხდარი მკვლელობის ფაქტის შეფასებისას აღნიშნა, ამ დანაშაულზე სამართალი აუცილებლად დადგება.
”არის ისეთი საკითხები, რომლებიც კვლავ პოლიტიკური სპეკულაციების არეალშია გახვეული, თუ რატომ განცხადებები არ კეთდება. განცხადებები სათანადოდ კეთდება და მუშაობაც ამ მიმართულებით მიმდინარეობს”, – განაცხადა ვოლსკიმ.
მისივე თქმით, ოკუპაცია არ უნდა დაშვებულიყო და ამის რესურსი მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებას ნამდვილად ჰქონდა.
”ნებით თუ უნებლიეთ, დაშვებული იქნა ასეთი შეცდომები, რომლებმაც ამ მდგომარეობამდე მიგვიყვანა. ურთულესი საკითხია. რუსეთსაც უნდა მოეთხოვოს პასუხი, როგორც რეალური ფაქტიური ხელმძღვანელობის განმახორციელებელს და დანაშაულის ჩამდენი აუცილებლად უნდა იქნას დაკავებული, როგორ და რა ფორმით, ამაზე მუშაობა მიმდინარეობს და ვფიქრობ, რომ ეს საკითხი დღის წესრიგიდან არ მოიხსნება”, – განაცხადა ვოლსკიმ.
კითხვაზე, რამდენად დაცულია ადგილზე უსაფრთხოების ზომები, ვოლსკიმ აღნიშნა, რომ ”ეს ისეთი შეკითხვაა, რაზეც, ალბათ, სპეციალისტების თუ შესაბამისი სტრუქტურების პასუხები იქნება უფრო საინტერესო”.
ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, ოთხმა შეიარაღებულმა პირმა, ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა გალის რაიონის სოფელ ბარღების მკვიდრი გიგა ოთხოზორია. ინციდენტის შედეგად დაზარალებული მუცლის არეში მიყენებული მრავლობითი ჭრილობით სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა ზუგდიდის ჰოსპიტალში, სადაც მოგვიანებით გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები