ზვიად კვაჭანტირაძე: დავით კოღუაშვილმა არ გაითვალისწინა, რომ ჟურნალისტებთან სიფრთხილე აუცილებელია

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ზვიად კვაჭანტირაძისთვის უცნობია მიზეზი, რის გამოც დავით კოღუაშვილი დღევანდელ პოლიტსაბჭოს სხდომას არ დაესწრო. ამის შესახებ ზვიად კვაჭანტირაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა და აღნიშნა, რომ პოლიტსაბჭოს წევრებს მასთან შეკითხვები ჰქონდათ.
მისივე თქმით, დავით კოღუაშვილს დიდი პაუზა ჰქონდა პოლიტიკაში აღებული და არ გაითვალისწინა, რომ ჟურნალისტებთან მიმართებაში, სიფრთხილე აუცილებელია.
”პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საკმაოდ მკაფიო და ერთმნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა იმ ინტერვიუსთან დაკავშირებით, რომელიც დავით კოღუაშვილმა მისცა ერთ-ერთ ოპოზიციურ გაზეთს. მე მგონი, ისიც არ იცოდა, თუ ეს გაზეთი ოპოზიციური იყო. ჩემი დაკვირვებით, დავით კოღუაშვილს დიდი პაუზა ჰქონდა პოლიტიკაში აღებული და მე მგონი, არ გაითვალისწინა, რომ განსაკუთრებულად ჟურნალისტებთან მიმართებაში, სიფრთხილე აუცილებელია”, – განაცხადა კვაჭანტირაძემ.
უმრავლესობის ლიდერის თქმით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პოლიტსაბჭოს სხდომას არ დასწრებია, თუმცა ფრაქცია ”ქართული ოცნების” შეხვედრას დაესწრო.
”ბატონი ბიძინა დავპატიჟეთ ფრაქციის სხდომაზე და მნიშვნელოვანი იყო მისი აზრების მოსმენა. იგი არის ჩვენი პარტიის დამფუძნებელი და ჩვენ ყოველთვის ხმამაღლა ვაცხადებდით, რომ ბატონ ბიძინას აზრი, რჩევა ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი”, – განაცხადა კვაჭანტირაძემ და დასძინა, რომ ივანიშვილმა საკუთარი აზრი დავით კოღუაშვილზეც და თამაზ მეჭიაურზეც გამოთქვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები