ლევან იზორია: ხელისუფლება ხურჩაში მომხდარ ფაქტს რეაგირების გარეშე არ დატოვებს

მინდა პრინციპულად განვაცხადო, რომ ხელისუფლება ხურჩაში მომხდარ ფაქტს რეაგირების გარეშე არ დატოვებს, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან იზორიამ ხურჩაში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით განაცხადა.
იზორია დღეს ზუგდიდში იმყოფებოდა, სადაც დაღუპულ გიგა ოთხოზორიას ოჯახს მიუსამძიმრა.
„პირველ რიგში, მინდა სამძიმარი გამოვუცხადო დაღუპულის ოჯახს. ეს ძალიან მძიმე შემთხვევაა თითოეული ჩვენგანისთვის და მინდა პრინციპულად განვაცხადო, რომ ხელისუფლება ამ ფაქტს რეაგირების გარეშე არ დატოვებს. მინდა ასევე ვისარგებლო შემთხვევით და ვთქვა, რომ ზოგიერთი ჩვენი ოპონენტი, სამწუხაროდ, ამ ფაქტს იყენებს საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის, როცა ამბობენ, რომ მსგავს შემთხვევებს, თითქოსდა, ადგილი არ ჰქონია.
მართლაც, 2012 წლიდან ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია, თუმცა 2008 წლიდან,  სამწუხაროდ, ათეულობით გახმაურებულ ფაქტს ჰქონდა ადგილი, რომელიც ლეტარული შედეგითაც დასრულდა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ განვახორციელოთ პატრულირება და ვახორციელებთ, ბუნებრივია, ამ პროცესს დღესაც და მოსახლეობამ ამის შესახებ საჯაროდ განაცხადა კიდევაც, რომ მოხდეს რაც შეიძლება პრევენცია მსგავსი შემთხვევების და, ბუნებრივია, მომავალშიც  უფრო გაძლიერებული  პატრულირება განხორციელდება“, – განაცხადა სუს-ის უფროსის მოადგილემ.
ამასთან, როგორც ლევან იზორიამ აღნიშნა, ის შეხვდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს და მომხდარ ფაქტზე ესაუბრა.
„თქვენ იცით, რომ ახლო მომავალში, ამაზე საჯაროდ განვაცხადეთ, IPRM -ი, ოთხწლიანი პაუზის შემდეგ ჩატარდება გალში. გუშინ მე  ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შევხვდი, სადაც ვთქვი, რომ პირველი საკითხი, რაც ჩვენი მხრიდან გაჟღერდება და მოთხოვნა, სწორედ დაკავშირებული იქნება იმასთან, რომ დამნაშავე, რომელიც უკვე დადგენილია, უმკაცრესად დაისაჯოს. ასე რომ, ჩვენ ყველანაირ ფორმატს, იქნება ეს ჟენევის ფორმატი თუ IPRM , გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ეს მოთხოვნა, მანამ, სანამ ის არ შესრულდება, მუდმივად დავაყენოთ“, – განაცხადა იზორიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები