მიხეილ ჯანელიძე: ე.წ. შეჩერების მექანიზმი დამატებითი მიგრაციული ნაკადებისგან დაცვის იარაღია

საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ევროკავშირის რეგულაციაში უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით დაგეგმილი ცვლილებები ხელს არ უშლის საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესს.
ჯანელიძე განმარტავს, რომ რეგულაცია მიიღება იმისთვის, რომ ევროკავშირი დაზღვეული იყოს დამატებითი მიგრაციული ნაკადებისგან და ის არ ეხება საქართველოს.
”როგორც მოველოდით, 539-ე რეგულაციაში მოხდა შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც ზოგადად უკავშირდება ვიზალიბერალიზაციას და ყველა ქვეყანას, რომელიც სარგებლობს უვიზო მიმოსვლით ევროკავშირის ქვეყნებთან. ეს არის იმისთვის, რომ ევროკავშირი დაზღვეული იყოს დამატებითი მიგრაციული ნაკადებისგან, რომელიც დღეის მდგომარეობით, საკმაოდ დიდ საფრთხეს წარმოადგენს ევროკავშირისთვის.
ეს არ ეხება საქართველოს და ისეთ პატარა ქვეყნებს, როგორიც საქართველოა, ამიტომ ასეთი ტიპის გადაწყვეტილება, რეგულაციის განახლება საქართველოსთვის არა თუ შემაფერხებელი, არამედ ეს დამაზუსტებელი მექანიზმია, რომელიც ხელს უწყობს ვიზალიბერალიზაციას ”, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
ევროკავშირის საბჭო მზად არის, ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის საკითხზე მოლაპარაკებები ევროპარლამენტთან გამართოს. საბჭომ მხარი დაუჭირა ე.წ. შეჩერების მექანიზმის გადახედვას, რომელიც ითვალისწინებს უვიზო რეჟიმის დროებით შეჩერებას იმ შემთხვევაში, თუ მესამე ქვეყანამ ვიზალიბერალიზაციით გათვალისწინებული პირობები დაარღვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები