პროკურორი: ბრალდებულებმა ყველაფერი გააკეთეს, რათა “სილქნეტს” სახელმწიფო შესყიდვის დასრულების შემდგომ, მატერიალური სარგებელი მიეღო

ბრალდებულებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ “სილქნეტს” სახელმწიფო შესყიდვის დასრულების შემდგომ, მატერიალური სარგებელი მიეღო, – ამის შესახებ პროკურორმა ნინო აღლემაშვილმა ე.წ. კაბელების საქმეზე, გადაცემა “2030“-ის ეთერში საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ადვოკატების განცხადებები, რომ თითქოს საქმეში ანგარების მიზანი არ არსებობს და მოტივი გამოკვეთილი არ არის, ცალსახა სიცრუეა.
როგორც პროკურორმა აღნიშნა, კომპანია “სილქნეტი“ თავიდანვე უპირატეს მდგომარეობაში ჩააყენეს, მაშინ, როცა სახელმწიფო შესყიდვაში ჩართულ სხვა კომპანიებს, მასშტაბური პროექტის მოსამზადებლად მხოლოდ და მხოლოდ 9 კალენდარული დღე მიეცათ.
ამასთან, პროკურორი აცხადებს,რომ მეილებიდან ამოღებული ინფორმაციის საფუძველზე ირკვევა, რომ “სილქნეტს” თავდაცვის სამინისტროსგან სამომავლო გეგმის შესახებ ინფორმაცია მიღებული ჰქონდა. პროკურორის თქმით, ბრალდებულების მიზანს არ წარმოადგენდა ბაზრის კვლევა. აღლემაშვილი განმარტავს,რომ ორმა ძალიან გამოცდილმა კომპანიამ დამატებითი ვადა მოითხოვა, რაც არ მიეცათ. “მათ, სახელმწიფო შესყიდვაში ჩართვასთან დაკავშირებით მიმართვა 9 კომპანიას გაუგზავნეს. მათგან სამს ოპტიკურ-ბოჭკოვან მაგისტრალთან შეხება არასოდეს ჰქონია. ორმა ძალიან გამოცდილმა კომპანიამ დამატებითი ვადა მოითხოვა, რაც არ მიეცათ“, -განაცხადა პროკურორმა და აღნიშნა,რომ კითხვაზე თუ რატომ არ მისცეს ამ კომპანიებს დამატებითი დრო, ბრალდებულებს პასუხი არ ჰქონდათ. პროკურორმა უშუალოდ მაგისტრალზეც ისაუბრა. “რომ განვმარტოთ რა არის მაგისტრალი – ეს არის მიწის თხრილი, რომელშიც მილია განთავსებული, მილში – კაბელი, რომელიც წვერებისგან შედგება. ეს არის მთლიანი ინფრასტრუქტურა, რომელიც უძრავ-მოძრავი ქონების ერთობაა და თავდაცვის სამინისტრომ კომპანიებისგან სწორედ ამის მიწოდება მოითხოვა. “სილქნეტი” სამინისტროს საკუთრებაში არა ამ ინფრასტრუქტურას, არამედ მიწის თხრილში განთავსებულ მილში არსებული კაბელის 74 წვერიდან, მხოლოდ 24 წვერს გადასცემდა“, – განმარტა პროკურორმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები