ირაკლი შოთაძე ე.წ. კაბელების საქმეზე დიპლომატიურ კორპუსს ხვდება – არანაირი პრეტენზია არ გვაქვს, შევიჭრათ სასამართლოს ფუნქციებში
საქართველოს მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის შეფასებით, იმ ადამიანებს, რომლებიც ე.წ. კაბელების საქმეზე გამოტანილი განაჩენის უკანონობაზე საუბრობენ, მართლმსაჯულების პროცესისა და პროკურატურის დისკრედიტაცია ამოძრავებთ მიზნად. შესაბამისი განცხადება შოთაძემ, მთავარ პროკურატურაში გააკეთა, სადაც ის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით პროკურატურის მტკიცებულებებს აცნობს.
“ისე, რომ ჯერ სასამართლოს მიერ გამოცხადებულია გამამტყუნებელი განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი და ჯერ არ გამოქვეყნებულა სამოტივაციო ნაწილი, ანუ ის ნაწილი, სადაც მოსამართლე მსჯელობს იმ მტკიცებულებებზე, რის საფუძველზეც მოხდა ბრალდებულების დამნაშავედ ცნობა, საჯარო ეთერების საშალებებით რიგი პოლიტიკური ძალების, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების და სხვათა მხრიდან ეს გადაწყვეტილება უკვე მონათლული იქნა უკანონო და დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებად. მე მაქვს კითხვა, რითი ხელმძღვანელობენ ეს ადამიანები, როდესაც საუბრობენ გამამტყუნებელი განაჩენის დაუსაბუთებლობასა და უკანონობაზე, როცა ეს განაჩენი ჯერ თვალით არავის უნახავს.
ცალსახაა, რომ ამ ხალხს ამოძრავებს პირადი მოტივაცია, რათა ამ საქმეს მისცენ პოლიტიკური ელფერი, სრულიად უსაფუძვლოდ მოახდინონ მართლმსაჯულების პროცესის და პროკურატურის დისკრედიტაცია, სწორედ იმ მიზნით, რომ არ მოხდეს თქვენი შეცდომაში შეყვანა ამ საქმის რეალურ გარემოებებთან მიმართებაში. ვიდრე გექნებათ შესაძლებლობა, გაეცნოთ სასამართლოს გამამტყუნებელ განაჩენს, წარმოგიდგგენთ იმ მტკიცებულებებზე ინფორმაციას, რომლის საფუძველზეც ბრალდების მხარე სასამართლოში ითხოვდა ბრალდებულების დამნაშავედ ცნობას. თქვენ აღნიშნულ საკითხზე გუშინ გქონდათ შეხვედრა დაცვის მხარესთან, დღევანდელ შეხვედრაზე გექნებათ შესაძლებლობა, შეადაროთ ჩვენი და მათი არგუმენტები და ამ არგუმენტების დასაბუთებულობა. თუმცა ჩვენ კარგად გვაქვს გათვითცნობიერებული, რომ თქვენ არ ბრძანდებით მოსამართლეები და მსაჯულები, რომ სამართლებრივი შეფასება მისცეთ ამ ყველაფერს, თუმცა ეს არის ჩვენი ღიაობის სურვილი. გვსურს ხაზი გაუსვათ იმას, რომ არანაირი პრეტენზია არ გვაქვს, შევიჭრათ (და არცე შევიჭრებით) სასამართლოს ფუნქციებში. ჩვენ ვერ გეტყვით საფუძვლებს, თუ რას დაეყრდნო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, ვინაიდან ეს განაჩენი, როგორც მე უკვე აღვნიშნე, ჯერ არ გვაქვს“,- მიმართა ირაკლი შოთაძემ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს.