გიგი უგულავამ საკონსტიტუციო სასამართლოს კიდევ ერთი სარჩელით მიმართა

თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ საკონსტიტუციო სასამართლოს კიდევ ერთი სარჩელით მიმართა. მოსარჩელე ითხოვს სისხლის სამართლის კოდექსისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 14 ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას, რომელიც ეხება გაფლანგვას, იძულებას, მითვისებას, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და სხვა.
გიგი უგულავას ადვოკატის ბექა ბასილაიას შეფასებით, ნორმები ბუნდოვანია, ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა და არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას. მისივე თქმით, დაკმაყოფილების შემთხვევაში, აღნიშნული საჩივარი სიკეთეს მოუტანს ყველა პირს, ვინც პოტენციურად შეიძლება გახდეს პოლიტიკური დევნის მსხვერპლი.
სარჩელის – “მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ” არსებითად განსახილველად მიღების საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოში განმწესრიგებელი სხდომა მიმდინარებს.
სარჩელთან დაკავშირებით ინფორმაციას საკონსტიტუციო სასამართლო აქვეყნებს. საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია განიხილავს.
“საქართველოს სისხლის სამართლოს კოდექსის გასაჩივრებული ნორმების მიხედვით დანაშაულად არის გამოცხადებული ისეთი ქმედებები, როგორიცაა იძულება, მითვისება, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და გადამეტება, დოკუმენტების გაყალბება. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სადავოდ გამხდარი ნორმები განსაზღვრავს პროკურორის უფლებას გადაწყვიტოს სისხლის სამართლებრივი დევნის წარმოების საკითხი.
აგრეთვე, ადგენს მტკიცებით სტანდარტებს, რონელსაც უნდა აკმაყოფილებდეს სისხლის სამართლებრივი დევნის სხვადასხვა ეტაპი. სადავო ნორმები აგრეთვე განსაზღვრავს სასამართლოს განაჩენის კანონიერების, დასაბუთებისა და სამართლიანობის საფუძვლებს. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ ირღვევა თანასწორობის, დაცვის უფლების, სამართლიანი სასამართლოსა და სათანადო მტკიცებულების გარეშე პირის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრება”, – აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები