იუსტიციის უმაღლესი საბჭო სასამართლოს ავტორიტეტის შეურაცხყოფას დაუშვებლად მიიჩნევს

იუსტიციის უმაღლესი საბჭო სასამართლო კორპუსისა და კონკრეტულ მოსამართლეთა მისამართით ისეთ საჯარო განცხადებას დაუშვებლად მიიჩნევს, რომელიც სასამართლოს პრესტიჟსა და ავტორიტეტს აშკარად შეურაცხყოფს.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო განცხადებას ავრცელებს და 2016 წლის 16 მაისს მედიაში გავრცელებულ განცხადებებს ეხმაურება, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მიერ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანთა მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგომას უკავშირდება.
”საზოგადოებრივი ინტერესის და საქმის რეზონანსულობის გათვალისწინებით, რომელიც ე.წ. კაბელების საქმეს მოჰყვა, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო აუცილებლად მიიჩნევს განაცხადოს შემდეგი: ყველას აქვს უფლება, გამოხატოს საკუთარი, მათ შორის, კრიტიკული მოსაზრება, სასამართლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, თუმცა იუსტიციის უმაღლეს საბჭო ყოვლად დაუშვებლად მიიჩნევს სასამართლო კორპუსისა და კონკრეტულ მოსამართლეთა მისამართით ნებისმიერ ისეთ საჯარო განცხადებას, რომელიც აშკარად შეურაცხყოფს სასამართლოს პრესტიჟსა და ავტორიტეტს. კერძოდ, იუსტიციის საბჭოსთვის გაუგებარია სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გადაწყვეტილების „დაუსაბუთებელად“ მიჩნევა მაშინ, როდესაც გადაწყვეტილების სრული ტექსტი გამოქვეყნებული არ არის და უცნობია, რა არგუმენტებს ეყრდნობა იგი.
მივიჩნევთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ა/წ 16 მაისს გაკეთებული განცხადებები ხელყოფს საზოგადოების დემოკრატიულ ღირებულებებს. ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას მოვუწოდებთ, დაიცვან საქართველოს საზოგადოებრივ ორგანიზაციათა ეთიკის კოდექსი და მისი პრეამბულით გათვალისწინებული პრინციპები. იუსტიციის უმაღლესი საბჭო ასევე უარყოფითად აფასებს საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ გაკეთებულ იმ საჯარო განცხადებებს, რომლითაც ისინი დამამცირებელ ასპექტში მოიხსენიებენ როგორც კონკრეტულ მოსამართლეს, ისე სასამართლო ხელისუფლებას.
აქედან გამომდინარე, მივმართავთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, დაიცვან საქართველოს პარლამენტის წევრთა ეთიკის კოდექსი და იმოქმედონ კონსტიტუციის, კანონებისა და პარლამენტის რეგლამენტის წესების შესაბამისად.
„სასამართლოს მისამართით ნებისმიერი მკვეთრი და შეურაცხმყოფელი განცხადება შესაძლოა, აღქმულ იქნეს, როგორც სასამართლოს დაშინების, ზეწოლის ან, მასზე რაიმე ფორმით გავლენის მოხდენის მცდელობა. ასეთმა განცხადებებმა, შეიძლება ასევე დააზარალოს ზემდგომ, სააპელაციო თუ საკასაციო ინსტანციებში საქმის დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად და შინაგანი რწმენის საფუძველზე გადაწყვეტილების გამოტანა და მართლმსაჯულების აღსრულება. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო ყველა დაინტერესებულ პირს სთხოვს, თავი შეიკავოს სასამართლოს გადაწყვეტილების წინსწრებით, ნაჩქარევი შეფასებებისგან და, მით უფრო, უსაფუძვლო კრიტიკისგან”, – ნათქვამია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები