ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე JTEC-ის პირველი საველე სწავლება გაიმართა (ფოტოკოლაჟი)

ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) პირველი საველე სწავლების გახსნის ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ომარ ბეგოიძე, ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის მეთაური, პოლკოვნიკი გრიგოლ ჭელიძე და ცენტრის ხელმძღვანელი ნატოს მხრიდან, ვიცე-პოლკოვნიკი ოლე ქრისტიან ემაუსი დაესწრნენ.
„დღეს ჩვენი შეიარაღებული ძალების ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა, ნატო-საქართველოს წვრთნის და შეფასების ერთობლივ ცენტრში პირველი ქვეითი ასეულის შეფასება იწყება, ეს არის 51-ე ბატალიონის „ალფა“ ასეული. პირველ შეფასებას მოჰყვება სხვა ქვეითი ასეულების შეფასება. ეს პროცესი გაგრძელდება, ვიდრე ყველა ქვეითი ასეული არ გაივლის შეფასებას. ეს შეფასება აღინიშნება ნატოს დოკუმენტებში, რომელიც მზადდება ვარშავის სამიტისთვის. ვფიქრობთ, ამ შეფასებას აქვს უდიდესი მნიშვნელობა იმისათვის, რომ ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა კიდევ უფრო გაზარდოს თავსებადობის დონე ნატოსთან, გაზარდონ საბრძოლო მზადყოფნის დონე, გახდნენ სამაგალითოები სხვა პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებულ ძალებს შორის და დაამტკიცონ კიდევ ერთხელ, რომ ჩვენი შეიარაღებული ძალები მზად არის იმისათვის, რომ გახდეს დიდი ევრო-ატლანტიკური ოჯახის ჯარების სრულფასოვანი წევრი“, – აღნიშნა პოლკოვნიკმა ომარ ბეგოიძემ.
სწავლებაში V ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონის “ალფა” ასეული მონაწილეობს. აღნიშნული სწავლება პირველია იმ თერთმეტი როტაციული სწავლებიდან, რომელიც JTEC -ში 2016 წლის ბოლომდე გაიმართება.
ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის პირველი ერთკვირიანი საველე სწავლება-შეფასების დროს სხვადასხვა სიმულაციურ საშუალებებს გამოიყენებენ.
JTEC ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ცამეტი თავდაცვის შესაძლებლობების განვითარების ერთ-ერთი ინიციატივაა, რომელიც 2014 წელს უელსის სამიტზე დამტკიცდა. JTEC ჩამოყალიბდა საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების გაუმჯობესების, რეფორმების, მოდერნიზაციის და ტრანსფორმირებისათვის. ასევე JTEC ეხმარება უსაფრთხოების თანამშრომლობის გაღრმავებასა და თავსებადობაში ნატოს ქვეყნებს წევრებთან და მათ პარტნიორებთან მოწინავე სწავლების შესაძლებლობებისა და წვრთნების მხარდაჭერის შეთავაზებით.
ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის წვრთნების კონცეფცია დაფუძნებულია საქართველოს და ნატოს არსებულ უსაფრთხოების პრიორიტეტებზე. სწავლებისას ყურადღება მახვილდება თავდაცვის ოპერაციებზე და ამ ოპერაციებში საქართველოს რელიეფის გამოყენების უნიკალური შესაძლებლობებზე.
საველე სწავლებასთან ერთად, საქართველოს შეიარაღებული ძალების ბრიგადებს და ბატალიონებს JTEC სთავაზობს სიმულაციურ სწავლებას კომპიუტერის გამოყენებით, რაც საქართველოს შეიარაღებული ძალებისათვის ვირტუალური სისტემების სწავლებების განვითარებას უზრუნველყოფს.
13177418_1209698802396193_770550227252025236_n 13256453_1209698765729530_2515163134561101250_n 13179343_1209698742396199_6962719701127672835_n 13221011_1209698745729532_1997030115270395767_n 13254435_1209698662396207_7476528192966244465_n 13239079_1209698659062874_5145013763877706318_n 13226790_1209698665729540_2567955037735994484_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები