პრემიერი „ღირსეული პარტნიორი 2016“ გახსნის ოფიციალურ ცერემონიალს დაესწრო (ფოტოკოლაჟი)
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ქართულ-ამერიკული სწავლების – „ღირსეული პარტნიორი 2016“ გახსნის ოფიციალურ ცერემონიალს დაესწრო.
ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე გამართული სწავლება ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნების შესრულებით გაიხსნა. მოწვეულმა სტუმრებმა და წვრთნებში მონაწილე სამხედროებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საბრძოლო მოქმედებებსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას. ღონისძიებაზე გაიმართა საჩვენებელი სწავლება.
„ქართულ-ამერიკულ-ბრიტანული სამხედრო სწავლება არის ძალიან მნიშვნელოვანი. მას გააჩნია უდიდესი დატვირთვა, პირველ რიგში, საქართველოს სამხედრო შენაერთების თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების კუთხით. მას ასევე აქვს მნიშვნელოვანი პოლიტიკური დატვირთვა, რაც მდგომარეობს შემდეგში, რომ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება და უსაფრთხოება საქართველოში, საქართველოს მოქალაქეების მშვიდი ცხოვრება გადის ერთადერთ გზაზე და ეს გზა არის თანამშრომლობა დასავლეთთან, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან და ამას ალტერნატივა არ გააჩნია,“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ღონისძიების დასრულების შემდეგ.
„ღირსეული პარტნიორი 2016“-ის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრნენ საქართველოს პრეზიდენტი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.