დავით უსუფაშვილი: ჩეხეთის პარლამენტის სახით, ჩვენ გვყავს ძალიან ეფექტური, ძალიან აქტიური მხარდამჭერი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ჩეხ კოლეგას იან ჰამაჩეკის შეხვდა, სადაც საუბარი ორ ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღრმავებას და პარლამენტებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას შეეხო. შეხვედრის შემდეგ ერთობლივი განცხადება გაკეთდა, სადაც დავით უსუფაშვილმა განაცადა, რომ ჩეხეთის რესპუბლიკა და საქართველო ერთმანეთთან ძალიან მჭიდრო პარტნიორულ თანამშრომლობაში არიან.
„ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მხარი დავუჭიროთ ერთმანეთის სტრატეგიულ ინტერესებს. ჩეხეთი არის საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ძალიან აქტიური მხარდამჭერი. ჩვენ ვისაუბრეთ ვიზალიბერალიზაციის პროცესზეც. ბატონმა ჰამაჩეკმა ბრძანა თავისი მოსაზრებები, რომელიც სრულ თანხვედრაშია ჩვენი მთავრობის, ჩვენი პარლამენტის, ჩვენი ხალხის სურვილებთან და პერსონალურად მისი სახით, ჩეხეთის პარლამენტის სახით, ჩვენ გვყავს ძალიან ეფექტური, ძალიან აქტიური მხარდამჭერი ამ პროცესში. ჩვენ ვისაუბრეთ ეკონომიკური, სავაჭრო კავშირურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობაზე. ამისთვის ბევრი რამ კეთდება.
უახლოეს თვეებშიც კიდევ ბევრი საინტერესო და სასარგებლო რამ მოხდება. სულ ორიოდე თვის წინ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი იმყოფებოდა ჩეხეთის რესპუბლიკაში და მოხარული ვიყავი, როდესაც ჩემმა კოლეგამ ბრძანა, რომ ჩეხეთის ბიზნესწრეების წარმომადგენლები ძალიან კმაყოფილნი დარჩნენ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრით. ამან კიდევ უფრო გააძლიერა იმის მოტივაცია, რომ ჩვენ, ორმა ქვეყანამ, მეტი გავაკეთოთ ურთიერთხელსაყრელი ეკონომიკური ურთიერთობებისთვის“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები