მიხეილ ჯანელიძე ჩეხეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატთა პალატის პრეზიდენტთან იან ჰამაჩეკთან, რომელიც 9-11 მაისს ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს საქართველოს.
საგარეო უწყების პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე, ხაზგასმით აღინიშნა საქართველოსა და ჩეხეთს შორის თანამშრომლობის განსაკუთრებულად მაღალი დონე და საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის როლი ამ პროცესში, მათ შორის, ვიზიტების აქტიური დინამიკა.
მიხეილ ჯანელიძემ კმაყოფილება გამოთქვა ჩეხეთის პარლამენტის სენატის ვიცე-პრეზიდენტის პრშემისლ სობოტკას საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის თაობაზე, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით განხორციელდება.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩეხეთის მხარეს მადლობა გადაუხადა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საქართველოს აქტიური მხარდაჭერისთვის, რაც საკანონმდებლო ორგანოს რეზოლუციებითაც დასტურდება.
დეპუტატთა პალატის ევროპულ საქმეთა კომიტეტმა, მიმდინარე წლის იანვარში, მიიღო რეზოლუცია, რომლითაც ნატოს წევრ სახელმწიფოებს საქართველოსთვის წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭებისკენ მოუწოდა.
საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე საუბრისას, მიხეილ ჯანელიძემ იან ჰამაჩეკს გააცნო ქართული მხარის მოლოდინები ნატოს ვარშავის სამიტთან დაკავშირებით და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს მოქალაქეთათვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის უახლოეს მომავალში ამოქმედების მნიშვნელობაზე.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ჩეხეთის მხარემ დაადასტურა მზადყოფნა, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების რეალიზაციის პროცესში. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას, რეგიონში მიმდინარე პროცესებსა და გამოწვევებს, ისევე როგორც საერთაშორისო დღის წესრიგში მდგარ აქტუალურ საკითხებს. ჩეხეთის მხარემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა საკუთარი მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები