გიორგი ვოლსკი ნატოში საქართველოს ინტეგრაციის საკითხზე პოლიტიკოსების მიერ გაკეთებულ განსხვავებულ მოსაზრებებს სამ კატეგორიად ჰყოფს

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერი გიორგი ვოლსკი ნატოში საქართველოს ინტეგრაციის საკითხზე პოლიტიკოსების მიერ გაკეთებულ განსხვავებულ მოსაზრებებს სამ კატეგორიად ჰყოფს.
აღნიშნულ თემას გიორგი ვოლსკი სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა, სადაც აღნიშნა, რომ ნატოს წევრობა “დღეს და ახლავე” დამაზიანებელია.
”ნატო ჩვენი მიზანია, მაგრამ ამ თემით სპეკულირება პრევალირებს პრაგმატულ პოლიტიკურ სტრატეგიაზე. ერთი მხრივ, „ჩხავანა კატების” პოზიცია – გვინდა ნატო და არიქა, შევედით (შემოგვიშვით) და ვაჩვენებთ რუსეთს სეირსო. არადა ნატოს წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ არავისთან ომის მიზანი არ გვამოძრავებსო, არაო! მეორე მხრივ “ვითომ გულწრფელების” დაჩემება – არ გვიღებენ და აღარც რომ ვეშვებითო! მაშ, საითაო, აღარ ამბობენ, მინიშნებით – ჩვენი თავი ჩვენვე უნდა გვეყუდნოდესო და იქვე რუსეთისკენ იხედებიან. ამასაც ბოლომდე ვერ ამბობენ, ოკუპანტია მაინც! მესამე მხრივ, “პრაგმატები” და მათთან ერთად თავად ნატო – ვთანამშრომლობთ უსაფრთხოებისათვის და სტანდარტების დაახლოებისათვის, უკეთესი გარემოების მოლოდინში, სტრატეგიულ რეჟიმში, ქვეყანაში სტაბილურობისათვის, მათაც ესმით რომ ტერიტორიები ოკუპირებულია, იქ რუსული ბაზებია, საომარი მოქმედებები დაუშვებელია, ნატოს წევრობა “დღეს და ახლავე” დამაზიანებელია, მოლაპარაკებები აუცილებელი და მიზანიც მიღწევადია! ყველაზე რთული, მაგრამ სახელმწიფოებრივი მესამე პოზიციის რეალიზებაა, პირველი ორი უპერსპექტივო პოპულიზმია, ვფიქრობ, უკიდურესად დამაზიანებელიც”, – წერს გიორგი ვოლსკი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები