დავით ბერძენიშვილი: თამაზ მეჭიაური „ქართული ოცნებიდან“ უნდა გარიცხონ
„რესპუბლიკური პარტიის“ წევრი დეპუტატის, დავით ბერძენიშვილის აზრით, მმართველი გუნდის წევრი თამაზ მეჭიაური პარტია „ქართული ოცნებიდან“ უნდა გარიცხონ.
როგორც ბერძენიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მეჭიაურის განცხადებების შემდეგ სწორედ ასე უნდა მოიქცეს პრემიერი კვირიკაშვილი, თუ მას „ქართული ოცნების“ განახლების სურვილი აქვს.
„ძალიან უცნაურ განცხადებებს აკეთებს ბატონი მეჭიაური და არა მხოლოდ ის, მისი თანაპარტიელებიც და თანაფრაქციელებიც. პირველი შემთხვევა არ არის, როცა მეჭიაური გამოდის საქართველოს ხელისუფლების მიერ დეკლარირებული კურსის წინააღმდეგ. მეჭიაურმა მყისიერად დაუჭირა მხარი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ საქართველოს პარლამენტის „რესპუბლიკელი“ თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი გააკრიტიკა. მეჭიაური ოპერატიულად გამოეხმაურა ლავროვს და საქართველოს თავდაცვის ”რესპუბლიკელი” მინისტრი სამხედრო წვრთნებისთვის, რომელშიც ამერიკელებიც მონაწილეობენ, ძალიან მკვახედ, მკაფიოდ და სახიფათოდ გააკრიტიკა“, – განაცხადა ბერძენიშვილმა.