გიორგი კვირიკაშვილი: სამხედრო წვრთნები დასავლეთთან ჩვენი პარტნიორობის ნათელი მაგალითია
პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ნებისმიერი შეკითხვა საქართველოს საგარეო პოლიტიკური ვექტორის თაობაზე არის არაობიექტური და უადგილო.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, სამხედრო წვრთნები არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული.
”ეს სამხედრო წვრთნები არის ძალიან ნათელი მაგალითი ჩვენი პარტნიორობისა დასავლეთთან. ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს თავადაცვისუნრიანობის ზრდა. ჩვენ გავიარეთ საკმაოდ მნიშვნელოვანი ეტაპი საქართველოს სამხედრო რეფორმისა, როდესაც საქართველოს სამხედრო შენაერთები არიან მაქსიმალურად თავსებადი ნატოს სტანდარტებთან. დღეს ჩვენ გვაქვს დასაწყები ახალი ეტაპი, რომ საქართველოს სამხედრო შენაერთების თავდაცვისუნარიანობა გავაძლიეროთ. სწორედ აქეთკენ არის მიმართული წვრთნები, რომელიც იწყება საქართველოში და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის გამოხატულება საქართველოს ურყევი ნებისა და საქართველოს მოსახლეობის სუვერენული გადაწყვეტილებისა საქართველოს საგარეო პოლიტიკური ვექტორის თაობაზე და ნებისმიერი შეკითხვა ამ ვექტორის თაობაზე ჩემი აზრით, არის არაობიექტური და უადგილო. ამიტომ ჩვენ მივესალმებით ამ წვრთნებს, არაფერი პროვოკაციული ამაში არ არის და ეს წვრთნები არ არის მიმართული არავის წინააღმდეგ”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, გაცილებით უფრო ბევრი პროვოკაციული ელემენტებია იმ ”ხელშეკრულებებში”, რომლებსაც ხელი ეწერება მოსკოვსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის.
შეგახსენებთ, რომ წელს „ღირსეული პარტნიორი“ ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე მეორედ გაიმართება და მასში 1300 სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას. სწავლებაში 650 აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის, 500 ქართველი და 150 ბრიტანელი სამხედრო ჩაერთვება. ქართულ-ამერიკული სწავლება ოფიციალურად 11 მაისს გაიხსნება და 26 მაისამდე გაგრძელდება.