მიხეილ ჯანელიძე: საქართველოსთვის 2016-2019 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმა ბევრად უფრო ამბიციურია, ვიდრე 2013-2015 წლების გეგმა იყო

საქართველოსთვის 2016-2019 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმა ბევრად უფრო ამბიციურია, ვიდრე 2013-2015 წლების გეგმა იყო. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის – ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრ დანიელ მიტოვთან და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილე გაბრიელა ბატაინი-დრაგონთან ერთად გამართულ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
დღეს საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმის ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც მინისტრის განმარტებით, მიმდინარე წლის მარტში, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1251-ე სხდომის ფარგლებში მიიღეს.
მინისტრის განცხადებით, 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმა ევროპის საბჭოსა და ქართულ მხარეს შორის თანამშრომლობით მომზადდა და აღნიშნულ წლებში საქართველოს მიერ ევროპის საბჭოსთან ერთად განსახორციელებელ პროექტებს მოიცავს.
”პროექტების მიზანია საქართველოსთან თანამშრომლობა ადამიანის უფლებათა დაცვის, დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის განმტკიცების მიმართულებით.
აღნიშნული სამოქმედო გეგმა ეფუძნება 2013-2015 წლების სამოქმედო გეგმის შედეგებს, ევროპის საბჭოს მონიტორინგის მექანიზმების დასკვნებს საქართველოსთან მიმართებაში, მიმდინარე და დაგეგმილ ყველა მნიშვნელოვან რეფორმას და მოიცავს შემდეგ სფეროებს: ადამიანის უფლებების და ღირსების დაცვას და ხელშეწყობას, სოციალური უფლებების უზრუნველყოფას, მართლმსაჯულების უზრუნველყოფას, დემოკრატიული მმართველობის გაძლიერებას, სამართლის უზენაესობის სფეროში საფრთხეებთან ბრძოლას, ნდობის აღდგენის მექანიზმებს.
სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ პროექტებს ევროპის საბჭო ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად განახორციელებს, ხოლო ზოგიერთი პროექტის განხორციელება ევროკავშირთან ერთობლივი პროგრამების ფარგლებში მოხდება. სამოქმედო გეგმის განხორციელების მიზნით, ევროპის საბჭო იღებს ნებაყოფლობით შენატანს წევრი, დამკვირვებელი და არაწევრი სახელმწიფოებისგან, საერთაშორისო ორგანიზაციებისაგან, ფონდებისგან, კერძო სექტორისგან და ინდივიდებისგან, რომლებიც იზიარებენ ორგანიზაციის მიზნებსა და პრინციპებს. სამოქმედო გეგმის შესრულება ერთობლივად შეფასდება ევროპის საბჭოსა და საქართველოს ხელისუფლების მიერ და რეგულარული ანგარიშები წარედგინება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს.
აღნიშნული სამოქმედო გეგმა ბევრად უფრო ამბიციურია, ვიდრე 2013-2015 წლების გეგმა იყო. ჩვენ გვაქვს გამოხატული მხარდაჭერა, პირველ რიგში, სტრატეგიული პარტნიორის – ევროკავშირის მხრიდან და ასევე ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან. ვაგრძელებთ შეხვედრებს პარტნიორებთან, რათა მობილიზება მოხდეს შემდგომი დახმარების ამ გეგმის ეფექტური განხორციელებისთვის. ასევე მოხარულნი ვართ, რომ წარმატებულად შეფასდა ძალიან დიდი ნაწილი იმ გეგმისა, რომელიც 2013-2015 წლებისთვის იყო შემუშავებული. მან აჩვენა, რომ საქართველო ნამდვილად ეფექტურად ახორციელებს ყველა იმ გეგმას, რომელიც ნაკისრი აქვს ევროპის საბჭოს ფარგლებში”, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები