გიორგი კვირიკაშვილი: ქედს ვიხრი ყველა იმ ადამიანის წინაშე, ვინც სიცოცხლე გაწირა – ფოტოკოლაჟი
ჩვენი ვალია, ქედი მოვიხაროთ ყველა იმ ადამიანის წინაშე, ვინც საკუთარი სიცოცხლე, ჯანმრთელობა გაწირა იმისთვის, რომ მათ შთამომავლობას ეცხოვრა მშვიდობიან მსოფლიოში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ვაკის პარკში განაცხადა, სადაც, ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავთან დაკავშირებით, უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო.
მთავრობის მეთაურმა ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ მათი გმირობის დაფასება სახელმწიფოს მოვალეობაა.
„ეს არის კაცობრიობის ისტორიაში უპრეცედენტო, ათობით მილიონი ადამიანის გმირობის მაგალითი, რომლის მსგავსი არავის ახსოვს. ამ უდიდესი მსხვერპლის შედეგად, შესაძლებელი გახდა ფაშიზმის შეჩერება. ქედს ვიხრი ყველა იმ ადამიანის წინაშე, ვინც სიცოცხლე გაწირა და ყველა იმ ადამიანის წინაშე, ვინც ჯერ კიდევ ჩვენს გვერდით არის. სახელმწიფოს ვალია, მაქსიმალურად აჩვენოს და აგრძნობინოს მათ ის მადლიერება, რომელიც ყველა ჩვენგანს გააჩნია”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრი ვაკის პარკში მთავრობის წევრებთან ერთად იმყოფებოდა, სადაც მეორე მსოფლიო ომის ამსახველი ფოტოგამოფენაც დაათვალიერა.