ლევან როსტოშვილსა და ლაშა კურტანიძეს პატიმრობა შეეფარდათ

ტელეწამყვან ლევან როსტოშვილსა და მსახიობ ლაშა კურტანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. მოსამართლის განმარტებით, სასჯელის ათვლა 2015 წლის 5 მაისიდან დაიწყო. გამოძიების ინფორმაციით, როსტოშვილსა და კურტანიძეს 42.9524 გრამი ნარკოტიკული საშუალება MDMA აღმოაჩნდათ.
აღკვეთის ღონისძიების შეფარდებამდე, სასამართლოში პროცესზე, პროკურორმა განმარტა, რომ ბრალდებულებს მძიმე დანაშაულის ჩადენაში ედებათ ბრალი, საუბარია, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვაზე. პროკურორის თქმით, ბრალდებულები ხშირად დადიან საზღვარგარეთ, იქ ჰყავთ ახლობლები და შესაძლოა, მიიმალონ.
დაცვის მხარე ბრალდების არგუმენტებს არ დაეთანხმა და განაცხადა, რომ პრევენციისთვის შესაძლოა, ბრალდებულებს საბუთები ჩამოერთვათ. დაცვის მხარე როსტოშვილისა და კურტანიძის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების გარეშე დატოვებას, ან უკიდურეს შემთხვევაში 10 000-ლარიან გირაოს შეფარდებას ითხოვდა.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები