ირაკლი შოთაძე: ლაშა ჩხატარაშვილი გამოძიებასთან თანამშრომლობს

საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილის ლაშა ჩხატარაშვილის ჩვენებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ იგი გამოძიებასთან თანამშრომლობს. „ყველამ მოისმინეთ მისი ჩვენება სასამართლოზე. აქედან გამომდინარე, შეიძლება ცალსახად ითქვას, რომ იგი თანამშრომლობს გამოძიებასთან და სასამართლოზე მოყვა რეალობა. მისი დაკითხვა პროკურატურაში მოხდა, სასამართლოშიც დაიკითხა და გამოძიება გრძელდება“,- განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
შეგახსენებთ, რომ წამების, არაადამიანური მოპყრობის და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე ბრალდებულები – იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით ჭაკუა არიან. დღევანდელ პროცესზე მთავარი პროკურორის ყოფილი პირველი მოადგილე მოწმის სტატუსით დაიკითხა, სადაც განაცხადა, რომ წამების კადრების გადაღება ორგანიზებული იყო იმჟამინდელი ოპოზიციის მიერ, თუმცა ამის მტკიცებულება გამოძიების იმ ეტაპზე არ არსებობდა.
„შეხვედრა გვქონდა ზურაბ ადეიშვილთან, რომელსაც ვესწრებოდით მე და დავით ჭაკუა. ზურაბ ადეიშვილი იყო გაბრაზებული, რადგან არსებობდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთ საერთაშორისო სტრუქტურას ჰქონდა ციხეში წამების კადრები, აქამდე, როდესაც გვქონდა თათბირები, მუდმივად იყო საუბარი, რომ არსებობდა ინფორმაცია სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმრების წამებასთან დაკავშირებით და მუდმივად იყო მოწოდება სასჯელაღსრულების წარმომადგენლების მიმართ, რომ აღნიშნულ ინფორმაციებზე მომხდარიყო შესაბამისი რეაგირება. მოვიპოვეთ ინფორმაცია კადრების შინაარსის შესახებ და ჭაკუამ ასევე მომაწოდა ინფორმაცია, რომ ლადო ბედუკაძეს ჰქონდა ურთიერთობა იმ დროისთვის დაკავებულ თამაზ თამაზაშვილთან. ასევე სხვა პატიმართან ჰქონდა ნალაპარაკევი, რომ წამების კადრების გამოქვეყნებას წინასაარჩევნოდ გეგმავდა. ყველა ეს ინფორმაცია მივაწოდეთ მომდევნო თათბირზე იუსტიციის მინისტრს და დაიგეგმა შესაბამისი ღონისძიება. კერძოდ, უნდა მისცემოდათ დავალება კონკრეტული სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლებს, რომელიმე პატიმრის ცემა და ამის გადაღება უნდა მომხდარიყო, რათა გამოძიებას ჰქონოდა კონკრეტული მტკიცებულებები პატიმრების წამებასთან დაკავშირებით. აღნიშნული განკარგულების შესრულება დაევალა დავით ჭაკუას და მან მეორე დღეს დამირეკა და მომახსენა, რომ დავალება შესრულებული იყო“,- განაცხადა ჩხატარაშვილმა თავის ჩვენებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები