ირაკლი შოთაძე: ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ რაღაცის გამოძიება არ მიმდინარეობს, ან ვიღაცა ვიღაცას ხელს აფარებს

საქართველოს მთავარი პროკურორი სახალხო დამცველის ანგარიშს ეხმაურება. ირაკლი შოთაძე ომბუდსმენის ანგარიშში მოყვანილ ფაქტებს არ ეთანხმება და ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს. „ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ რაღაცის გამოძიება არ მიმდინარეობს ან ვიღაცა ვიღაცას ხელს აფარებს“, – აღნიშნა ირაკლი შოთაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ირაკლი შოთაძის თქმით, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან დაფიქსირებულ დარღვევაზე უსწრაფესად ხდება რეაგირება და შესაბამისი მტკიცებულების არსებობის შემთხვევაში, სისხლის სამართლებრივი დევნაც ხორციელდება.
„ვერ დავეთანხმები მოსაზრებებს, რომ რაღაცის გამოძიება არ მიმდინარეობს, ან ვიღაცა ვიღაცას ხელს აფარებს. პირიქით, ნებისმიერ ფაქტზე, სადაც მოქალაქეები მიუთითებენ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების, სასჯელაღსრულების სისტემის თანამშრომლების მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე, დაუყოვნებლივ ხდება რეაგირება და იწყება გამოძიება, შესაბამისი მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში კი იწყება სისხლის სამართლებრივი დევნა. ამის სტატისტიკა არსებობს, ამაზე თვალის დახუჭვა და იმის თქმა, რომ არაფერი ხდება, უსამართლოა“, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ. ამასთან, მთავარი პროკურორი გამოეხმაურა სამართალდამცავთა საქმეების გამოძიების მიზნით დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნის საკითხზე არასამთავრობო სექტორის ინიციატივას და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა „საჭიროა დაფიქრება“. „დამოუკიდებელ საგამოძიებო ორგანოს შექმნაზე მუშაობა მიმდინარეობს, ჩართულები არიან სახელმწიფო უწყებები, საქართველოს პროკურატურა. ეს მნიშვნელოვანი საკითხია, მსგავსი საგამოძიებო ორგანოების მდიდარი პრაქტიკა არ არსებობს და კარგი მსჯელობა გვმართებს“, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები