ირაკლი ნადარეიშვილი: ეს ქმედებები დაიგეგმა ადეიშვილის მიერ და განახორციელა ჭაკუამ

პროკურორ ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, დღევანდელ პროცესზე დაკითხული დავით ჩხატარაშვილი უშუალოდ იყო ზურაბ ადეიშვილის მიერ გაცემული დანაშაულებრივი ბრძანების შემსწრე.
როგორც ნადარეიშვილმა განაცხადა, დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მოწმემ დეტალურად აღწერა ის თათბირი, რომელიც იმჟამინდელ იუსტიციის მინისტრ ზურაბ ადეიშვილთან გაიმართა და რომელსაც, ჩხატარაშვილთან ერთად, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის იმჟამინდელი ხელმძღვანელი დავით ჭაკუა ესწრებოდა.
“სწორედ აღნიშნულ თათბირზე მიიღო გადაწყვეტილება ზურაბ ადეიშვილმა, რომ მომხდარიყო დანაშაულის ინსცენირება, თითქოსდა, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ოპოზიციური ძალების შეკვეთით ხდებოდა ცემა-წამებისა და არაადამიანური მოპყრობის კადრების გადაღება“, – განაცხადა ნადარეიშვილმა.
მისივე თქმით, ეს კადრები შემდგომში უნდა მიწოდებოდა საზოგადოებას, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შექმნილი ვითარების გადასაფარად.
„ეს ქმედებები დაიგეგმა ზურაბ ადეიშვილის მიერ და განახორციელა დავით ჭაკუამ, რაც შემდგომში საზოგადოებამ უკვე იხილა. საუბარია პატიმრების – წოწორიასა და გრიგორიანის მიმართ განხორციელებულ ქმედებებზე, რომელიც წინასწარ იყო დადგმული ერთადერთი მიზნით, რომ ყველაფერი იმჟამინდელ ოპოზიციურ ძალებს დაბრალებოდა. მოსალოდნელი კადრების გავრცელების საპასუხოდ უნდა შექმნილიყო ასეთი კადრები, რათა საზოგადოებისთვის მიეწოდებინათ ცრუ ინფორმაცია, რომ ასეთ ფაქტებს სასჯელაღსრულების სისტემაში რეალურად ადგილი არ ჰქონია“, – განაცხადა ნადარეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები