გუგული მაღრაძე – მე ძალიან კარგად, გასაგებად და ამომწურავად შემიძლია ვილაპარაკო როგორც ქართულად, ასევე ინგლისურად

მე ძალიან კარგად, გასაგებად და ამომწურავად შემიძლია ვილაპარაკო როგორც ქართულად, ასევე ინგლისურად, – აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გუგული მაღრაძემ დღეს პორტალ „კვირაში“ სტუმრობისას გააკეთა, სადაც მან საარჩევნო სიასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრა.
ჟურნალისტებთან საუბრისას მაღრაძემ აღნიშნა, რომ საარჩევნო სია აუცილებლად განახლებული იქნება.
“ინგლისური ენის სწავლა 23 წლის ასაკში დავიწყე. სკოლაში ფრანგულს ვსწავლობდი, უნივერსიტეტშიც, მაგრამ, როდესაც აღმოჩნდა, რომ სოციალურ ფსიქოლოგიაში უნდა მემუშავა და ძირითადი ლიტერატურა იქ ინგლისურენოვანი იყო, მე დავამთავრე სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტიც. ჩემი დანაშაულია ალბათ, რომ არ ვაქცევდი ყურადღებას ფონეტიკას და ორიენტირებული ვიყავი შინაარსზე, მაგრამ აბსოლუტურად ყველაფერს ვიგებ და ყველაფერს ვლაპარაკობ. ამერიკაში ინდივიდუალური შეხვედრები მქონდა, ბევრ საკითხზე ვილაპარაკეთ.
ელჩის მოადგილემ აღნიშნა, რომ თუ შენნაირი ბევრი ჩამოვა და ასე დაელაპარაკება იმ ადამიანებს, რომლებიც ქმნიან პოლიტიკას, – ეს ადამიანები კი არიან სახელმწიფო დეპარტამენტის და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები, – ძალიან კარგი იქნებაო. მე ძალიან კარგად, გასაგებად და ამომწურავად შემიძლია ვილაპარაკო როგორც ქართულად, ასევე ინგლისურად. გარდა ამისა, შრომისმოყვარეობა, საქმიანობა თუ პარლამენტში აქტივობა, კანონის წაკითხვაც ვიცი, დაახლოებით 17 კანონის ინიციატორი ვარ“,- განაცხადა მაღრაძემ.
შეკითხვაზე, დარჩება თუ არა ის პარტიის რიგებში, მაღრაძემ განაცხადა, რომ ამის რესურსი მას გააჩნია, თუმცა თუ პარტია გადაწყვეტს, რომ ამ ეტაპზე ძველი სახეები აღარ არის საჭირო, ის ამასაც გაგებით მოეკიდება, რადგან, მისივე განცხადებით, ეს ტრაგედია არ არის და პარლამენტის წევრად ადამიანები არ იბადებიან. მთავარია, პარტიაში დასაბუთება შეძლონ, რატომ სჯობს ახალი შემადგენლობა.
პორტალ „კვირაში“ გამართულ პრესკონფერენციაზე გუგული მაღრაძემ ისიც განაცხადა, რომ საარჩევნო სიაში აუცილებლად იქნებიან წარმოდგენილნი ახალი სახეები და, სავარაუდოდ, ახალგაზრდებიც.
„არის მცდელობა, რომ ესენი იყვნენ ახალგაზრდები, რომლებიც თავიანთ პროფესიულ საქმიანობაში არიან წარმატებულები, კარგად უნდა ერკვეოდნენ ისეთ საკითხებში, როგორიც არის იურიდიული საკითხები, უცხოეთთან ურთიერთობა, ეკონომიკა და სხვა, თუმცა ეს არ გამორიცხავს იმას, რომ აქ იქნებიან წმინდა პოლიტიკური კარიერის მქონდე ადამიანებიც, რადგანაც პარტიას ყოველთვის სჭირდება, ასე ვთქვათ, წმინდად პოლიტიკოსები. მსახიობი, სპორტსმენიც, თუ ის მომგებიანია პარტიისთვის, და გვაქვს გარანტია, რომ აიღებს ყველაზე მეტ ხმას, მაშინ ასეთებიც უნდა იყვნენ სიაში“,-განაცხადა მაღრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები