გია ჟორჟოლიანი: „ნაციონალების“ საარჩევნო კამპანიაში, რომელიც ივანიშვილის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად, ჩვენ ვერ ჩავერთვებით
„ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო კამპანიაში, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად, ჩვენ ვერ ჩავერთვებით“,-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ჟორჟოლიანმა თბილისის ბოტანიკური ბაღის გასხვისების ირგვლივ განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, საკანონდებლო ორგანო ყველანაირ საკითხზე მსჯელობისთვის მზად არის, რაც საზოგადოებისთვის აქტუალური იქნება, მათ შორის ბოტანიკური ბაღის გასხვისების საკითხზეც.
„ჩვენ „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო კამპანიაში ვერ ჩავერთვებით. მე მოვუწოდე, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ყველა ექსპერტს, რომ ჩვენ მზად ვართ, განვიხილოთ ნებისმიერი საკითხი, რომელიც საზოგადოებისთვის აქტუალურია. მოვუწოდე, განვიხილოთ ეს საკითხები კეთილსინდისიერად და არ ავყვეთ „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო კამპანიას, რომელიც მიზნად ისახავს ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაციას, რამდენადაც ეს არის მათი დამარცხების სიმბოლო“,-აღნიშნა ჟორჟოლიანმა.
მისივე თქმით, პარასკევს, 3 საათზე, კომიტეტის სხდომა არის დაგეგმილი, სადაც შესაძლოა, ეს საკითხიც განიხილონ. შეგახსენებთ, რომ თბილისის ბოტანიკური ბაღის ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე საპარლამენტო უმცირესობა პარლამენტში გარემოს დაცვის მინისტრს იბარებს და კომიტეტის სხდომის გამართვას ითხოვს.