ეკა ბესელია: არავითარი დახურული თემები არ არსებობს, რომლებზეც მსჯელობა არ შეგვიძლია
ადამიანის უფლებების დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია მომხრეა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი ვენეციის კომისიამ შეისწავლოს. ეკა ბესელიამ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილის საპასუხოდ განაცხადა, რომ ხელისუფლების მიზანი ნამდვილად არ არის საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილების შეზღუდვა.
„მიზანი არის ის, რომ არსებულ კანონში ძალიან ბევრი ხარვეზია და ეს გიორგი პაპუაშვილმა ძალიან კარგად იცის. თუ სურვილი არსებობს, რომ ჩაერთოს საკონსტიტუციაო სასამართლოს ან თავმჯდომარე, ან მოსამართლეები, რა თქმა უნდა, ამისთვის გახსნილი ვართ და არავითარი დახურული თემები არ არსებობს, რომელზე მსჯელობაც არ შეგვიძლია“, -განაცხადა ჟურნალსიტებთან საუბარში ეკა ბესელიამ.
თბილისში სამუშაო ვიზიტად მყოფი ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლები გუშინ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან შეხვედრისას საკონსტიტუციო სასამართლოს რეფორმით დაინტერესდენენ. ისინი ამ საკითხს ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარესთანაც გამიხილავენ. გიორგი პაპუაშვილის შეფასებით, რეფორემის მომზადებული ვარიანტი სასამართლოს უფლებამოსილებას ზღუდავს. ამ მოსაზრებას იზიარებს „ნაციონალური მოძრაობა“. საპარლამენტო უმრავლესობის შეფასებით კი, რეფორმის მთავარი მიზანი არსებული ხარვეზების გამოსწორებაა.