ლევან ბერძენიშვილი: საკმარისი დაცვა აქვს ოჯახს საქართველოს კონსტიტუციით და კანონებით

დეპუტატი ლევან ბერძენიშვილი დარწმუნებულია, რომ ქორწინების ცნების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილება მიღებული არ იქნება, რადგან საკმარისი დაცვა აქვს ოჯახს საქართველოს კონსტიტუციით და კანონებით.
როგორც პარლამენტარმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, ქორწინების საკითხი ისედაც „თითიდან გამოწივილი“ პრობლემა იყო. მისი გამარტებით, „რესპუბლიკელებს“ მიაჩნდათ, რომ არსებული მდგომარეობა, ჩანაწერები კონსტიტუციაში, სამოქალაქო კოდექსში აბსოლუტურად საკმარისია ამ საკითხის დასარეგულირებლად.
„აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ პარლამენტი ამ ცვლილებას კონსტიტუციაში ვერ შეიტანს. თუ ვინმეს აკვიატებაა, რომ ეს ასე უნდა იყოს, ძალიან კარგი, მოიყვანონ იმდენი ხალხი, რამდენიც საჭიროა და უყარონ კენჭი, ჩვენ არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო. უბრალოდ ვამბობთ, რომ საკმარისი დაცვა აქვს ოჯახს საქართველოს კონსტიტუციით და კანონებით. თუ ვერ გაიტანეს, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მართალი ვიყავით“, – აღნიშნა ლევან ბერძენიშვილმა.
მისივე თქმით, „რესპუბლიკელთა“ ფრაქციის დიდი ნაწილი არ იქნება მხარდამჭერებს შორის, მაგრამ ფრაქციაში არის ხალხი, ვინც ცვლილებას მხარს დაუჭერს.
„ჩვენ არ ვქმნით პრობლემას. უბრალოდ, ეს საუბარი უსაგნოდ მიგვაჩნია, რადგან პარლამენტის დარბაზში 113 კაცი არ დამინახავს, უკვე რამდენიმე წელია. გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, საკონსტიტუციო ცვლილებები მივიღოთ იქ, სადაც საკამათოდ არის საქმე, თორემ ამაზე არავინ კამათობს და არც ჩვენ არ ვუქმნით არავის პრობლემას“, – განაცხადა ბერძენიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები