გიორგი პაპუაშვილი: საკანონდებლო ცვლილებების მიზანი საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციების შემცირებაა

”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებს, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო, ხელისუფლება არ ასაჯაროვებს. ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილმა ჟურნალისტებს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა. მისი თქმით, მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლებთან შეხვედრაზე საუბრის თემა ის მოვლენები იყო, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს ირგვლივ ბოლო ერთი წელია ვითარდება და სასამართლოს წინააღმდეგ არის მიმართული.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე საკანონმდებლო ცვლილებებსაც, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა, თუმცა პარლამენტში ადამიანის უფლებების დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას მიერ არის ინიცირებული.
”საკანონდებლო ცვლილებების მიზანი საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციების შემცირებაა. პროცედურული საკითხების ისე გადაკეთება, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ეფექტური არ ყოფილიყო. პარლამენტმა აღნიშნული ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო და, სამწუხაროდ, პირველი მოსმენის შემდგომი ტექსტი არც ჩემთვისაა ხელმისაწვდომი. იმედია, ჩვენს უცხოელ მეგობრებს მაინც მისცემენ ტექსტს, რომ ასე დამალულად არ მიმდინარეობდეს მუშაობა”, – განაცხადა გიორგი პაპუაშვილმა.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განმარტებით, პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივის პირველი მოსმენის დროსაც იყო ისეთი ფაქტები, რაც არასამთავრობო სექტორის მხრიდან უარყოფითად შეფასდა. მისივე თქმით, საკანონმდებლო ინიციატივაში კიდევ არის უამრავი სხვა პროცედურული საკითხი, რომლებიც ხელს შეუშლის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში მალე შესვლას.
”ვფიქრობ, ეს მოკლევადიან პოლიტიკურ მიზნებს ისახავს და რატომღაც შიში არის საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო საშიში არის ხელისუფლებისთვის, მაგრამ ეს ცუდია ქვეყნის პრესტიჟისთვის, რადგან ამის გამო აკრიტიკებენ პოლონეთის კანონდებლობაში განხორციელებულ ცვლილებებს, ასევე სხვა ქვეყნებს და ჩვენც იმ ქვეყნების რიგებში მოვხვდით, სადაც ცნობილია, რომ ხელისუფლება ცდილობს, საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებები შეამციროს”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები