ჯონდი ბაღათურია და გუგული მაღრაძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გუგული მაღრაძე და “ქართული დასის” ლიდერი ჯონდი ბაღათურია ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ჯონდი ბაღათურიას “ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, “პირველ პრესკლუბში” პრესკონფერენცია უნდა გაემართა. მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით, მანამდე, პრესკლუბში პრესკონფერენცია გამართა გუგული მაღრაძემაც.
ჯონდი ბაღათურიამ გუგული მაღრაძეს უსაყვედურა, რომ პარლამენტმა გასულ კვირას, აღნიშნული კანონპროექტი დაჩქარებული წესით ორ კომიტეტში გაიტანა და მხარი დაუჭირა ისე, რომ დეპუტატები მის შინაარს არც კი იცნობდნენ.
“თქვენ წარმოადგენთ იმ გუნდს, რომელიც კანონპროექტებს იღებს ყოველგვარი მოსმენის გარეშე. ბევრმა წერა-კითხვაც არ იცის. სამწუხაროდ, პარლამენტში 80% ზის ისეთი დეპუტატების, რომელიც კანონს არ კითხულობს”, – მიმართა ბაღათურიამ მაღრაძეს.
ბაღათურიას მხრიდან გაკეთებულმა აღნიშნულმა განცხადებამ გუგული მაღრაძის გაღიზიანება გამოიწვია. დეპუტატმა ბაღათურია არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა. მაღრაძემ განმარტა, რომ კანონპროექტი მშობლის უფლების ჩამორთმევას არ ითვალისწინებს. “თქვენ ყველაფერი გინდათ წარმოაჩინოთ ისე, რომ ჩვენ ვმუშაობთ ცუდად. ჩვენ ვმუშაობთ ნორმალურად – ყველა ქვეყანაში არსებობს მშობლის უფლების დროებითი შეზღუდვა ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე”, – აღნიშნა მაღრაძემ და პრესკლუბი დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები