მოსამართლემ ნიკა გვარამია სასამართლო დარბაზიდან გააძევა

„თქვენ წყვეტთ 2016 წლის არჩევნების ბედსაც, პატივცემულო მოსამართლეებო, ამიტომ თქვენი გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია,“ – ამ სიტყვებით მიმართა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა მოსამართლეთა კოლეგიას სასამართლო სხდომაზე.
ნიკა გვარამიამ ეს განცხადება მანამდე გააკეთა, ვიდრე სასამართლო კოლეგია მას დარბაზს დაატოვებინებდა. მიზეზი ქიბარ ხალვაშთან მოსამართლე გუჯაბიძის აცილების თემაზე შეკამათება გახდა.
არხის გენერალურმა დირექტორმა მოსამართლის აცილების შუამდგომლობის ობიექტური მიზეზები განმარტა.
“ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ თქვენ ინტერესი გქონდეთ და ჩვენ უბრალოდ ვერ გენდობით ჩვენთვის ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროცესში, წვლილი შეიტანოთ კოლეგიის აზრის ჩამოყალიბებაში,” – განაცხადა ნიკა გვარამიამ სასამართლო კოლეგიის წინაშე.
მან ასევე გაიხსენა წინა სასამართლო პროცესები, რომელსაც საქალაქო სასამართლოს მოსამართლე იხილავდა.
ნიკა გვარამიამ ეს მოვლენები შეაფასა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერაზე ისაუბრა.
„ასეთი ერთსულოვანი საერთაშორისო თანამეგობრობა ქართული მართლმსაჯულების მიმართ არ ყოფილა იმ წლებშიც კი, როდესაც ერთსულოვანი იყო საზოგადოება მის შეფასებაში,“ – განაცხადა გვარამიამ.
არხის დირექტორმა ასევე გაიხსენა მოსამართლე ურთმელიძის მიმართ მოსამართლეთა ერთობის მიერ გაკეთებული მხარდამჭერი განცხადებები, რომლის თავმჯდომარეც წარსულში ნათია გუჯაბიძე იყო.
„როგორ უნდა მჯეროდეს, რომ ადამიანი, რომელიც რამდენიმე თვის წინ თავს მესხმოდა მისი განცხადებებით, ის გამოიტანს გადაწყვეტილებას და მე მას ჩავთვლი მიუკერძოებლად,“ – აღნიშნა ნიკა გვარამიამ.
რამდენიმე წუთის შემდეგ, მოსამართლემ ნიკა გვარამიას დარბაზი დროებით დაატოვებინა. ეს გადაწყვეტილება კოლეგიის თავმჯდომარემ ქიბარ ხალვაშის ადვოკატ პაატა სალიას და გვარამიას შორის მომხდარი კამათის შემდეგ მიიღო. კამათის საფუძველი „რუსთავი 2“-ის შუამდგომლობა გახდა.
მოსამართლე ნათია გუჯაბიძის თქმით, ნიკა გვარამია სხდომაზე შესვენების შემდეგ დაიშვება.
სასამართლო სხდომაზე შესვენება გამოცხადდა, რომელიც 14:30 საათზე განახლდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები