ნათია ფანჯიკიძე: ალეეეე ჰოპ! … კალკაზინოებსაც გადავაკოპწიალებდი, ჩემი ნება რომ იყოს
თავდაცვის მინისტრის მეუღლე ნათია ფანჯიკიძე თანაინვესტირების ფონდის პროექტის შესახებ ფეისბუქის გვერდზე საუბრობს. ფონდის პროექტი ფანჯიკიძეს არჩილ სულაკაურის “სალამურას თავგადასავალში” აკრობატების თოკებგაბმულ ქალაქში ალე ჰოპის სანახავად ჩასულ სალამურას ახსენებს.
“ალეეეე ჰოპ! სადღაც პროექტს მოვკარი თვალი, საბაგიროებით და “ცათმფრენებით” აღჭურვით რომ ემუქრებიან თბილისის ძველ უბანს და გამახსენდა არჩილ სულაკაურის “სალამურას თავგადასავალში” აკრობატების თოკებგაბმულ ქალაქში ალე ჰოპის სანახავად ჩასული სალამურა. ბავშვობაში ვოცნებობდი, ასეთი ქალაქი რეალურად არსებულიყო, სადაც მთელი მოსახლეობა თოკებზე დახტის და კონწიალობს . დამემოწმებიან ტოლ-მეგობრები, მაგ ასაკში გარაჟიდან გარაჟზე ქარაშოტივით ვხტოდი, ვერ მეწეოდა ეზოს ვერცერთი საუკეთესო მორბენალი. ეგეთი ქალაქი რომ სადმე ყოფილიყო, იმ დროს უყოყმანოდ მიმიღებდნენ საპატიო მოქალაქედ. მოკლედ… მე კი ამასობაში დავმიწდი და თოკი კი არა, პარკეტზეც ძლივს დავდივარ, ბრაგაბრუგი გამიდის, მაგრამ ძალიან ვწუხვარ, ამ ისედაც ერთი ციცქნა, ვიწრო სამშობლოში ადამიანები კიდით კიდემდე საკუთრებად რომ ვერ აღიქვამენ ამ ულამაზეს ქვეყანას და კიდევ უარესი, თბილისის ორ-სამ უბანზე და ქუჩაზე უჭირავს ყველას თვალი, თითქოს ამის მეტი არაფერი გვაქვს და არც გვჭირდებოდეს. არადა ეს უზარმაზარი თანხა, საქართველოს რომელიმე სხვა, პატარა, ამორტიზებულ ქალაქს რომ მოხმარდეს, როგორიც დღეს არაერთია სხვადასხვა კუთხეში, ერთით მეტი ქალაქი გვექნებოდა, თანაც ცოტა სურეალისტური, სრულიად ახლებური არქიტექტურით, ალე ჰოპის ქალაქი და ვიქროლებდით საბაგიროებით, ნა ზდაროვიე… გადავუქროლებდით უნიკალურ ტყეპარკებს, გაზაფხულზე რომ ყველა ფერად ყვავის და შემოდგომაზე რომ ყველა ფერად ალდება… იფ… კაზინოებსაც გადავაკოპწიალებდი, ჩემი ნება რომ იყოს და ეგეც შენი “ლას ვეგას ალე ჰოპ სითი” ანუ “კისერი გიტეხიათ, დამდგარხართ ყირაზე” მესიჯიც იქნებოდა აზარტო (ლუდო) მანებისთვის სხვადასხვა ქვეყნიდან”, – წერს ნათია ფანჯიკიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.