მოძრაობა „ხიდი“ „სოციალური თერაპიის სახლის“ გადასარჩენად 25 აპრილს საქველმოქმედო ღონისძიებას გამართავს

მოძრაობა „ხიდი“ „სოციალური თერაპიის სახლის“ გადასარჩენად 25 აპრილს, 19:00 საათზე, საგამოფენო სივრცე “არტარეაში” საქველმოქმედო ღონისძიებას გამართავს, სადაც ცნობილი ქართველი დიზაინერების ნამუშევრების გამოფენა – გაყიდვა მოეწყობა. აღნიშნულის შესახებ მოძრაობის წარმომადგენლებმა: თეა დადიანმა და გრეტა სარქისოვამ პორტალ „კვირაში“ გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს თავად ისაუბრეს.
მათივე განცხადებით, „სოციალური თერაპიის სახლის“ დახმარება, რომელიც გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე ზრდასრულ ადამიანებს 1990 წლიდან ემსახურება, ამ ეტაპზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგანაც ისინი ფინანსური პრობლემების წინაშე დგანან.
კერძოდ, დონორი ორგანიზაციები, სხვადასხვა მიზეზის გამო ხარჯების ძირითადი ნაწილის ანაზღაურებას ვეღარ ახერხებენ. ჯანდაცვის სამინისტროს 11-ლარიანი ვაუჩერი მხოლოდ კომუნალური, საკვები და ტრანსპორტირების ხარჯების ასანაზღაურებლად არის საკმარისი, ხოლო იმისათვის, რომ ცენტრმა ფუნქციონირება გააგრძელოს და ბენეფიციარები ბედის ანაბარა მიტოვებულები არ დარჩნენ, საჭიროა ერთ ბენეფიციარზე თვეში 350 ლარის მოძიება.
როგორც დღის ცენტრის წარმომადგენელმა თორნიკე რაზმაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განმარტა, აღნიშნული პრობლემების გამო, 2016 წლიდან ორგანიზაცია ძირითადი დაფინანსების  გარეშე დარჩა და წლის ბოლოს შესაძლოა, დაიხუროს.
მოძრაობა „ხიდის“ წარმომადგენელები ცენტრის დახმარებას სხვადასხვა საქველმოქმედო აქციის და ღონისძიების ჩატარებით გეგმავენ. წარმომადგნელების განცხადებით, მათი მიზანი საზოგადოების და კერძო კომპანიების გაერთიანებაა. აღსანიშნავია, რომ მოძრაობის მხარდასაჭერად უკვე ჩაერთნენ სხვადასხვა ორგანიზაციები, მათ შორის არიან: საინფორმაციო – ანალიტიკური პორტალი „კვირა“ და საინფორმაციო საგენტო „TV Free“, სარეკლამო კომპანია „outservice.ge”, “დუგლაძეების ღვინის კომპანია”, სამკერვალო კომპანია “ბერბუკი”, საგამოფენო სივრცე „არტარეა“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები