„მხოლოდ პოპულარობით გაზომილი ცნობადობა პოლიტიკაში კრახის ტოლფასია”
მხოლოდ პოპულარობით გაზომილი ცნობადობა პოლიტიკაში კრახის ტოლფასია, – აღნიშნული განცხადება „ქართული ოცნების“ წევრმა, დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა პორტალ „კვირაში“ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო არჩევნებში ახალი სახეების გამოჩენასთან დაკავშირებით გააკეთა.
მისივე განმარტებით, ის ადამიანები, რომლებიც ახალ საარჩევნო სიაში მოხვდებიან, კვალიფიციურები უნდა იყვნენ და აუცილებლად უნდა შეეძლოთ კრიზისული სიტუაციების მართვა.
“სახელმწიფოს საჭე უნდა ეჭიროთ გამოცდილ, მცოდნე, ნაცად ადამიანებს, რომლებიც ვიცით, რომ კრიზისების და საფრთხეების შექმნის შემთხვევაში მარცვალივით კი არ დაიბნევიან, ლეღვის ფოთოლივით კი არ მოიქცევიან, არამედ მყარად ეჭირებათ საჭე, რის გამოც ამ პიროვნებებს პატივს ვცემთ.
ახალი სახე არ უნდა ნიშნავდეს საზოგადოებისთვის უცნობ სახეს, ხოლო ნაცნობი სახე კი არ უნდა ნიშნავდეს მხოლოდ პოპულარულ ადამიანს ცნობადობის კუთხით.
მხოლოდ პოპულარობით გაზომილი ცნობადობა პოლტიკაში კრახის ტოლფასია. პოპულარობას მაშინ აქვს ფასი, თუ ის გამყარებულია ნდობითაც. სხვა შემთხვევაში, მხოლოდ ცნობადი სახე რად გინდათ, გიჟების მეტი რა არის საზოგადოებაში. შევკრიბოთ მაშინ გიჟები და მოზაიკას შევქმნით. ჩვენ გვჭირდება ძლიერი ადამიანები, რა თქმა უნდა, ახალი ადამიანებიც, მაგრამ იმ მინიმალურ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდნენ, რა ნიშნითაც უნდა შეირჩეს თითოეული კანდიდატი“,- განაცხადა ქუცნაშვილმა.