სახელმწიფო დეპარტამენტი აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების დარღვევაზე ამახვილებს ყურადღებას

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, 2015 წელს აზერბაიჯანში პოლიტიკური თავისუფლების შეზღუდვა, ამომრჩევლის უფლებების დარღვევა, აქტივისტების სისხლის სამართლებრივი დევნა, არასამთავრობო ორგანიზაციებზე ზეწოლა და მედიაზე ცენზურის გამკაცრება შეინიშნებოდა.
„გამოხატვის, შეკრების და გაერთიანების თავისუფლების წინააღმდეგ შეტევა-დაშინებაში, დევნასა და გამოგონილ ბრალდებებში გამოიხატებოდა“, – წერია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2015 წლის ანგარიშში.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებამ 2015 წლის 1-ლი ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებზე ეუთოს ადამიანის უფლებათა და დემოკრატიული ინსტიტუტების ბიუროს წარმომადგენლები არ დაუშვა, რადგანაც ქვეყნის ხელისუფლებამ საარჩევნო კამპანიის მონიტორინგზე გარკვეული შეზღუდვები დააწესა.
ქვეყნის მთავრობა ზღუდავს მოქალაქეების უფლებას სამართლიანი არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლაზე – აცხადებენ სახელმწიფო დეპარტამენტში. ამავე მოხსენების მიხედვით, 2015 წელს აზერბაიჯანში 13 ბლოგერი და ჟურნალისტი დააკავეს. მედიის დიდი ნაწილი რეპრესიების შიშით პოლიტიკურად მტკივნეული თემების გაშუქებისგან თავს იკავებს. „მიმდინარე წელს ათზე მეტი პოლიტპატიმრის გათავისუფლების მიუხედავად, აზერბაიჯანის ციხეებში ჯერ კიდევ რჩება 80 აქტივისტი და ჟურნალისტი“, – წერია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები