პრემიერი არჩევნების თარიღთან დაკავშირებულ განკარგულებაზე მოტივირებულ შენიშვნებს პრეზიდენტს დღეს გაუგზავნის – ვიდეო

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციას არჩევნების თარიღთან დაკავშირებულ განკარგულებაზე მოტივირებულ შენიშვნებს დღეს გაუგზავნის. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა.
„მოგეხსენებათ, რომ პრეზიდენტთან კონსულტაციის შედეგად, ჩამოვყალიბდით არჩევნების თარიღზე – 8 ოქტომბერზე. ეს თარიღი გადაწყდა კონკრეტული მიზეზების გამო, რომელზეც აღარ შევჩერდები. იყო გარკვეული იურიდიული ხარვეზი, არ მოხდა ადმინისტრაციის მხრიდან დროული და კორექტული ინფორმაციის მიწოდება, ამიტომ დღეს ვაგზავნით მოტივირებულ შენიშვნებს, რათა წარმოდგენა პრეზიდენტის მხრიდან არჩევნების თარიღის დანიშვნის შესახებ მოხდეს ისეთ დროს, რათა გამოქვეყნება დაემთხვეს ჩვენი მხრიდან კონტრასიგნაციას,“ – განმარტა პრემიერმა.
მისივე განცხადებით, ვინაიდან წინასაარჩევნო პერიოდად აღებული უნდა იყოს 3 თვე, უმჯობესი იქნება, თუკი პრეზიდენტი არჩევნებთან დაკავშირებულ განკარგულებას 8 ივლისს გამოაქვეყნებს.
„რაც შეეხება თარიღს, ვინაიდან ამან გამოიწვია ფართო განსჯა, სხვადასხვა პარტიის მხრიდან და სამოქალაქო სექტორის მხრიდანაც გამოითქვა საყვედური, გვინდა ვთხოვოთ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან დოკუმენტი წარმოდგენილი იყოს ისეთ დროს, რომლის გამოქვეყნებაც დაემთხვევა 8 ივლისს და 3 თვე იყოს აღებული წინასაარჩევნო ვადად. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში ყოველგვარ გაუგებრობას და სხვადასხვა ინტერპრეტაციას თავიდან ავიცილებთ,“ – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები