საკრებულოს თავმჯდომარე საფრანგეთში ქართული დიასპორის წევრებს შეხვდა
ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონალური თვითმართველობის 26-ე პლენარულ სესიის ფარგლებში სტრასბურგში თბილისის საკრებულოს დელეგაციის ვიზიტი გრძელდება. ვიზიტის ფარგლებში დღეს თბილისის საკრებულოს დელეგაცია სტრასბურგში ქართული საკვირაო სკოლის შენობაში საფრანგეთში ქართული დიასპორის, „წმინდა გიორგის“ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე საკრებულოს თავმჯდომარემ ქართული დიასპორის ყოფითი პრობლემები მოისმინა, საკვირაო სკოლის და ქართული სათვისტომოს საქმიანობას გაეცნო.
“ასევე განხილული იქნა საფრანგეთში ქართული ენის პოპულარიზაციის და სტრასბურგში ქართულენოვანი წიგნების ბიბლიოთეკის გახსნის საკითხი. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საემიგრაციო და სოციალურ პრობლემებს, დაისახა სამომავლო თანამშრომლობის მიმართულება და ირაკლი შიხიაშვილის მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა, რომ თბილისის საკრებულო საფრანგეთის ქართულ სათვისტომოს პრობლემების დაძლევაში შეძლებისდაგვარად დაეხმარება. თავის მხრივ, თბილისის საკრებულოს დელეგაციამ საფრანგეთის ქართული სათვისტომოს წარმომადგენლებს საქართველოში მიმდინარე მოვლენები და „ქართული ოცნების“ ქვეყნის სათავეში მოსვლის შემდეგ სოციალურ სფეროში არსებული მიღწევები გააცნო“,-აღნიშნულია ინფორმაციაში. დელეგაციას საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი ხელმძღვანელობს, ხოლო მის შემადგენლობაში შედიან: თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ტყემალაძე (რომელიც, ამავდროულად, არის ევროპის საბჭოს რეგიონალური და ადგილობრივი თვითმმართველობის კონგრესის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი), ფრაქცია „დედაქალაქის“ თავმჯდომარე კონსტანტინე იონათამიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველი ზურაბ მჭედლიშვილი.