მიხეილ სააკაშვილი ფარული ჩანაწერების შესახებ განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების თემას ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:

“პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ ამგვარი რამ უპრეცედენტოა საქართველოსთვის. არასდროს, არც ერთი ხელისუფლების დროს, მსგავსი რამ საქართველოში არ მომხდარა. არასდროს, “ქართული ოცნების“ ხელისუფლების მმართველობამდე, არ გამოქვეყნებულა ადამიანის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები და არ მომხდარა ამის გამოყენება პოლიტიკური შანტაჟისა და ანგარიშსწორებისთვის. ეს არცაა გასაკვირი, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ “ქართული ოცნება“ და, განსაკუთრებით, მისი ლიდერი და ქვეყნის არაფორმალური მმართველი ივანიშვილი, იმთავითვე ამ მეთოდს იყენებდნენ პოლიტიკურ ბრძოლაში. ამგვარად მოვიდა “ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში და მთელი მისი მმართველობის განმავლობაში, დღემდე, უარი არ უთქვამს ამ უბინძურესი მეთოდის გამოყენებაზე. დარწმუნებლი ვარ, ბოლო პერიოდის ვიდეო ტერორიზმიც მათი ხელწერაა.
სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ამჟამინდელმა ხელისუფლებამ მთლიანად გადაიბარა და დღემდე აგრძელებს იმ დამნაშვეების გამოყენებას, რომლებიც, ჩემი უღრმესი მწუხარების მიუხედავად, როგორც ჩანს, თავის დროზე, ჩვენს სპეცამსახურებში მსახურობდნენ. თავისი დანაშულებრივი ქმედებებით, ამ ადამიანებმა უმძიმესი დარტყმის ქვეშ დააყენეს მთელი ქვეყანა, განსაკუთრებით კი, ქართული ძალოვანი სტრუქტურები, მათი მსოფლიოში აღიარებული მაღალი რეპუტაცია და სისტემაში გატარებული უმნიშვნელოვანესი რეფორმები. მათ მძიმე ზიანი მიაყენეს მთლიანად მაშინდელ ხელისუფლებას, “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და პირადად მეც, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ამ დამნაშვეებსაც არ მოსვლიათ თავში აზრად პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება. ჩემთვის და ყველა ჩემი თანაგუნდელისთვის, ადამიანის პირადი ცხოვვრების ხელშეუხებლობა აბსოლუტური ღირებულებაა და მისი ხელმყოფი ჩვენს პირად მტრად მიგვაჩნია.
ამგვარი შეცდომა აღარასდროს არ უნდა დაუშვას დემოკრატიულმა ხელისუფლებამ. როგორც კი ივანიშვილის დანაშულებრივ რეჟიმს მოვაშორებთ ქვეყანას, უმკაცრესად დაისჯებიან არა მხოლოდ ამ ვიდეოების გამომქვეყნებელი, არამედ მათი შემქმნელიც. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ამ ხელისუფლების დროს მოხდა ამ ვიდეოების შექმნა, თუ ჩვენი მმართველობის დროს – ამ სიბინძურის ავტორები კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯებიან. თუმცა, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გარდა, არსებობს პოლიტიკური პასუხისმგებლობაც. ჩემი ღრმა რწმენით, ისინი, ვინც ამგავრი რამ თუნდაც საკუთარი უყურადღებობით დაუშვა საკუთარ უწყებაში, აღრასდროს უნდა დაბრუნდნენ ქართულ პოლიტიკაში. მათი ადგილი არ არის ახალი საქართველოს პოლიტიკურ ელიტაში, ვინც არ უნდა იყვნენ ისინი და რა დამსახურებებიც არ უნდა ჰქონდეთ ქვეყნის წინაშე. დამსახურებისთვის ყველას უნდა ვუთხრათ მადლობა, მაგრამ არჩევნებში გამარჯვების და მოქმედი დანაშაულებრივი რეჟიმის დამარცხების შემდგომ, ქვეყნის მართვა უნდა გავაგრძელოთ იმ ადამიანების მეშვეობით, ვის მიმართაც საზოგადოებას არა აქვს კითხვის ნიშნები წარსულში მათი მოღვაწეობის გამო. უფრო მეტიც, ძირითადი აქცენტი უნდა გავაკეთოთ განახლებაზე. ახალ საქართველოს ქვეყნის მშენებელთა ახალი ტალღა სჭირდება. ბევრი ახალი და წარმატებული ადამიანი პოლიტიკაში – ამაშია ქვეყნის წარმატების გასაღები” , -აცხადებს სააკაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები