თავდაცვის მინისტრმა რუმინეთში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო

საქართველოს თავდაცვის მინისტრი სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით რუმინეთში იმყოფება. რუმინეთის ეროვნულ თავდაცვის სამინისტროში დაგეგმილი ოფიციალური დახვედრის ცერემონიალის შემდეგ თინათინ ხიდაშელი რუმინელ კოლეგასთან მიჰეა მოტოჩთან ორმხრივ შეხვედრას გამართავს. შეხვედრის დასრულების შემდეგ თავდაცვის მინისტრები მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ. რუმინეთის ეროვნულ თავდაცვის სამინისტროში ასევე იგეგმება ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში 2016 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმის გაფორმება.
„რუმინეთი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი პარტნიორი და მეგობარია, მუდამ ჩვენს გვერდში დგას ყველა ფორუმზე, ყველა ღონისძიებაზე. როდესაც ამ ქალაქში ჩამოდიხარ, ზუსტად იცი, რომ მეგობრებს შორის ხარ. ჩვენი ამოცანაა, რომ სწორედ, მეგობრებთან ვარშავის სამიტამდე დეტალებში გავიაროთ ყველა ის საკითხი, რომელიც ამ მიმართულებით, ამ გზაზე დგას; ყველა ის წინადადება, რომელზეც ახლა მიდის მუშაობა ბრიუსელში, ყველა მოსაზრება, ყველა შეხედულება. ჩვენ მეგობრებთან ვართ და ამიტომ, გვაქვს კომფორტი, დეტალებში მათი რჩევებით ვიმოქმედოთ ვარშავის სამიტამდე გასავლელ გზაზე,“ – აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.
ვიზიტის პირველ დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრი რუმინელმა კოლეგამ ეროვნული სამხედრო კლუბის სასახლეში – მარმარილოს დარბაზში ოფიციალურ სადილზე უმასპინძლა.
რუმინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია თინათინ ხიდაშელის შეხვედრები პრეზიდენტის მრჩეველთან ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში იონ ოპრიშორთან კონტროჩენის სასახლეში, ასევე ორმხრივი შეხვედრა რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ლაზარ კომანესკუსთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები