ცვლილება “საარჩევნო კოდექსში“ – რა შემთხვევაში არ მოუწევს პრემიერ-მინისტრს თანამდებობის დატოვება

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა მხარი დაუჭირა “საარჩევნო კოდექსში“ შესატან იმ ცვლილებას, რომლის მიხედვით, პრემიერ-მინისტრს, თუკი ის პარლამენტის წევრობის კანდიდატად იქნება წარდგენილი, თანამდებობიდან გადადგომა აღარ მოეთხოვება.
“საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტი კომიტეტს დღეს ერთ-ერთმა ინიციატორმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ გააცნო.
ხმალაძე განმარტავს, რომ “საარჩევნო კოდექსის“ თანახმად, პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ შესაბამისი საარჩევნო კომისიისთვის განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს მე-2 დღისა პრემიერ-მინისტრი ვალდებულია დაკავებული თანამდებობიდან გადადგეს, რაც მისივე შეფასებით, დემოკრატიული ქვეყნების ტრადიციას არ შეესაბამება.
“საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის პრემიერ-მინისტრის სავალდებულო გადადგომა გამოიწვევს მთავრობის გადადგომას და მთავრობის ახალი შემადგენლობის ფორმირების აუცილებლობას. საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე ახალი მთავრობის ფორმირება კი, რომელიც შესაძლოა ორი თვის შემდეგ მთლიანად შეიცვალოს, კონსტიტუციური სისტემის სტაბილურობას არ შეესაბამება“, – აღნიშნა ვახტანგ ხმალაძემ.
კომიტეტი წარმოდგენილ ცვლილებას დაეთანხმა და მის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები