დიგიტალიზების პროექტის ფარგლებში ქართული საგალობლების სანოტო ხელნაწერები სრულიად გაციფრდება
კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ქართული გალობის უნიკალური სანოტო ჩანაწერების დიგიტალიზების პროექტის მიმდინარეობის შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანს საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენდა.
შეხვედრას ესწრებოდნენ: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი, ზაალ აბაშიძე, ფონდ “ქართული გალობის” გენერალური დირექტორი, ნანა გოთუა, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი, გიორგი დონაძე და პროექტის ხელმძღვანელი, სვიმონ ჯანგულაშვილი.
შეხვედრაზე ფონდის, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრისა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები დიგიტალიზების სამუშაო პროცესს გაეცნენ და ის საცავი დაათვალიერეს, სადაც ეს უნიკალური ხელნაწერებია დაცული.
2015 წელს, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის პროექტის “ქართული საგალობლების სანოტო ხელნაწერთა მონაცემთა ბაზა და აღწერილობა” პირველ ეტაპზე ხელნაწერების დიდი ნაწილი, 23000-დე გვერდი გაციფრდა. ამჟამად პროექტის მეორე ეტაპი მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში სრულად გაციფრდება ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში, საქართველოს ეროვნულ არქივსა და კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ხელნაწერები, რომლებიც შესრულებულია ფილიმონ ქორიძის, ექვთიმე (ესტატე) კერესელიძის, ძმები კარბელაშვილების, რაჟდენ ხუნდაძისა და სხვა დიდი ქართველი მოღვაწეების მიერ. მასალის აღწერილობა სპეციალურად შექმნილ მონაცემთა ბაზასთან ერთად ელექტრონულ სივრცეში განთავსდება და ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული პირისთვის.
შეხვედრის დასასრულს, საქველმოქმედო ფონდ “ქართულ გალობასა” და სსიპ კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც ქართული ტრადიციული საგალობლების უნიკალური ხელნაწერების კიდევ 2000 გვერდამდე სანოტო ხელნაწერი გაციფრდება.
შეგახსენებთ, რომ უნიკალურ პროექტს, რომელიც სხვადასხვა არქივში დაცული ქართული საგანძურის, ტრადიციული საგალობლების ხელნაწერი ნოტების გაციფრებას და სამეცნიერო აღწერილობასთან ერთად ინტერნეტსივრცეში განთავსებას გულისხმობს, საქართველოს ფოლკლორის სახლმწიფო ცენტრი ახორციელებს. პროექტი, რომლის ხელმძღვანელია სვიმონ ჯანგულაშვილი, საქართველოს ეროვნული არქივისა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის პარტნიორობით, კულტურის სამინისტროსა და ფონდი “ქართული გალობის” ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. პროექტი 2016 წლის ბოლოს დასრულდება.